თეა წულუკიანი: არ ვიცი საპატიმროში პატიმრებმა და ჩვენივე თანამშრომლებმა ვის მისცეს ხმა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს კითხვით მიმართა თუ საიდან იციან, რომ ციხეში “ქართულმა ოცნებამ” წააგო. მისივე თქმით, უცნობია ვის მისცეს პატიმრებმა და სამინისტროს თანამშრომლებმა ხმა.
„მინდა, ყველას ვკითხო, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია, რადგან ხმის მიცემა არის ფარული. სპეცუბნები გაუქმებულია. თანამშრომლებმა, ვინც იყო მორიგე, მისცეს ხმა გადასატანი ყუთით. პატიმრები მიმაგრებულნი იყვნენ საარჩევნო უბანზე. გლდანის საპატიმრო მიმაგრებული იყო გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, ამიტომაც მე კითხვას გისვამთ, საიდან დაასკვენით, ან „ოცნება“ დამარცხდა, ან „ოცნებამ“ გაიმარჯვა, ან ვაშაძემ გაიმარჯვა, ეს იქნებოდა ან გამოგონილი, ან გაჟონილი ინფორმაცია, რაც არის კანონის დარღვევა. არ ვიცი, საპატიმროში პატიმრებმა ვის მისცეს ხმა და ეს არ უნდა ვიცოდე, არ ვიცი საპატიმროში ჩვენივე თანამშრომლებმა ვის მისცეს ხმა და ეს მე არ უნდა ვიცოდე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იგი პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პირადობის მოწმობების უფასოდ აღების აქცია ყოველ საარჩევნო წელს ცხადდება.