შალვა რამიშვილი: არანაირი დივიდენდი ბიძინასგან არ მიმიღია. ყველაზე დიდი საჩუქარი ის იყო, რომ მიშა მოაშორა საქართველოს

არანაირი დივიდენდი ბიძინასგან არ მიმიღია. ყველაზე დიდი საჩუქარი ის იყო, რომ მიშა მოაშორა საქართველოს,-ამის შესახებ “პოსტივის” ხელმძღვანელმა შალვა რამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“2005-2009 წლები ციხეში ვიჯექი. მაგრამ მიშას მტერი ამიტომ არ ვარ. ისეთი რაღაცაა რა… ციხეში მოხვედრისას უნდა იფიქრო, რომ იქ სამართლიანად ზიხარ. მერე რა რომ შენდამი ინკრიმინირებული დანაშაული არ ჩაგიდენია?! დაისაჯე სწორად! ბუნების ძალამ, განგებამ დაგსაჯა
გარეთ რომ გამოვედი დამხვდა სამი შვილი და დიდი ვალი. მეგობარმა „იმედში“ წამიყვანა – მიშას ტელევიზიაში. სხვა გზა არ მქონდა და იქ დავიწყე გასართობი გადაცემის კეთება. ვნანობ თუ არა? ვინც ჩემზე მაგრები ხართ თქვენ მესროლეთ ქვა ამის გამო. ორი თვე მამუშავეს და შემდეგ თქვეს საკმარისად გავსვარეთო და გამომაგდეს იქიდან. აი ამან დამგრუზა. ამან და არა ციხემ.
შემდეგ იყო მიშასთან ბრძოლის სამი წელი. ბევრი საინტერესო თავგადასავალი. მოვიგეთ! არანაირი დივიდენდი მაშინ ბიძინასგან არ მიმიღია (ნუ დაუჯერებთ ნათელაშვილს). ყველაზე დიდი საჩუქარი ის იყო, რომ მიშა მოაშორა საქართველოს. მას მერეც ბევრი საინტერესო რამ გადამხდა. ბევრი რაღაც შევქმენი ან ჩავიდინე (გაიგებდით ამ ამბებს). ახლა ნაქირავებში ვცხოვრობ, ისე მოხდა რომ არც მე და არც დედაჩემს ბინა არა გვაქვს. სამაგიეროდ მაქვს დიდი ვალი რომელსაც ვემსახურები (რა ზუსტი შეფასებაა). რაღაც ბინის ყიდვას აპირებდა დედაჩემი მაგრამ ის ფული „სვეტმა“ შეუჭამა. ბიძინას მხარდამჭერი ფულის და თანამდებობის გამო არ ვყოფილვარ. ვიცი რა კაციცაა და რაცა აქვს ჩემი ქვეყნისთვის გაკეთებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – чисто по человечески ვალში ვარ ამ კაცთან. მარა ეს ეგზისტენციური წიაღსვლები სხვა ოპერიდანაა.
მიშას მტერი ვარ! მრცხვენია ამის თქმა. მრცხვენია, რომ ამ გრძნობას ვერ მოვერიე მაგრამ… ვერ ვპატიობ ჩემს დამცირებას. ვერ ვპატიობ იმას, რომ ქალაქის მოდურმა პარიკმახერმა ჩემამდე მოიტანა ერთ-ერთი მაშინდელი ნაცბობოლას სიტყვები, რომელიც მან იმედიდან ჩემი გაგდების შემდეგ თქვა: „ხო გავსვარეთ და ასეთი გასვრილი ეგდოს თავისთვისო“. მიტყდება რომ ეს ლიჩნი ნეპრიაზნი ხშირად განაპირობებს ჩემს ქმედებებს… მაგრამ რა ვქნა აბა?!
ამაყი ვარ რომ მივიღე მონაწილეობა თანამედროვე მედია – „პოსტივის“ შექმნაში. მე არ მყავს ბოტები… ოთხ შვილს გეფიცებით, მაგრამ ვმუშაობ მეგობრულ, ნიჭიერ და შრომისმოყვარე ხალხთან. ჩემი „ბოტები“ ისინი არიან. ბედნიერი ვარ რომ მათ ვუყურებ ყოველდღე. „პოსტივი“ წინ მიდის და სულ უფრო და უფრო მასობრივი ხდება. მევასება ეს ძალიან ახლა გვიჭირს „არამიშა“ ხალხს. ეს არაა კატასტროფა. მოსალოდნელიც იყო ყოველივე. შეცდომებიც იყო და ამპარტავნებაც. თითქოს მშვიდად შევხვდი ასეთ შედეგებს. მაგრამ როცა მახსენდება, რომ ის შლეგიანი შეიძლება დაბრუნდეს და კოშმარი გაგრძელდეს სული ბრძოლის ჟინით მევსება.
ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ მეორე ტურში. დარწმუნებული ვარ ხალხი მიშას არ აირჩევს. მაგრამ ის თუ რატომ მივუახლოვდით უფსკრულს არის გასაანალიზებელი.
რაღაც პონტში ვითარება თითქოს უფრო ნათელია და რასკლადი გაიოლდა. ნაცების სამივე ასკოლკა: საკუთრივ მიშნაცები, ევრონაცები და გირჩის „უიმე აგი ნაციონალი ყოფილა“ უფროსი ერთად შეიკრიბნენ ფუნიკულიორთან. მეორე ტურის დღეს ჩვენ ერთად უნდა დავხვდეთ მათ ვარანცოვზე და ვასიამოვნოთ. დარწმუნებული ვარ ასეც იქნება,-წერს რამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები