რიმა ბერაძე: გუშინ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, რომ ის მთლიანად დამოკიდებულია თავისი ხალხის ნებაზე

გუშინ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, რომ ის მთლიანად დამოკიდებულია თავისი ხალხის ნებაზე,-ამის შესახებ საკრებულოს წევრი რიმა ბერაძე სოციალურ ქსელში წერს.
ბერაძის შეფასებით, არჩევნების გუშინდელი შედეგი უცხო დემოკრატიაზე მეტყველებს, რომელიც საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
“აი, ეს არის ჩვენთვის ასეთი უცხო დემოკრატია და ამიტომაც აღმოჩნდა არჩევნების გუშინდელი შედეგები ჩვენი საზოგადოებისთვის მოულოდნელი.
წლების განმავლობაში, ჩვენ გვაჩვევდნენ, რომ არჩევნები აუცილებლად მმართველ პარტიას და აუცილებლად დიდი უპირატესობით უნდა მოეგო.
დამოუკიდებლობის დაბრუნებიდან მოყოლებული, ჩვენ მიიჩვეულნი ვიყავით რომ არჩევნების შედეგები მის ჩატარებამდე იყო განსაზღვრული. გუშინ ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, რომ ის მთლიანად დამოკიდებულია თავისი ხალხის ნებაზე და ეს მუდამ ასე იქნება. სწორედ ამით განვსხვავდებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომლისთვისაც ხალხის აზრი არაფერს ნიშნავს. ამიტომ მოხდა ჩვენს ქვეყანაში 2012 წლის 1 ოქტომბერი და ამიტომ მოვიგებთ არჩევნების მეორე ტურს!
გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ ნათლად დაანახა ხელისუფლებას, რომ სჭირდება უფრო მეტი, ვიდრე აქამდე ჩვენგან იღებდნენ. ხელისუფლებამ ეს გამოწვევა მიიღო და ღირსეულად უპასუხებს მას. აი, ეს არის ჯანსაღი ურთიერთობები ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ქართული ოცნება მუდამ იყო და დარჩება პოლიტიკურ ძალად, რომელიც მთლიანად ხალხის ნებაზეა დამოკიდებული და მას მიჰყვება.
გუშინდელი დღის შედეგებში არაფერია შემაშფოთებელი! ჩვენ გუშინდელი არჩევნები კარგად გავაანალიზეთ. გავითავისეთ ასევე იმ ადამიანების გულისტკივილი, რომლებმაც ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ეს ის ხალხია, რომელსაც ჩვენზე არანაკლებად შესტკივა გული ქვეყნისა და პარტიის მომავალზე. ჩვენ აუცილებლად „შევრიგდებით“ და გავაგრძელებთ ქვეყნის ერთად განვითარებას.
სულ მალე წინ მეორე ტურია და სრულიად არარეალურია ოპოზიციის მოლოდინები, რომელსაც ჰგონია რომ ტყუილებითა და განაწყენებულ ამომრჩეველზე მანიპულირებით სასურველ შედეგს მიაღწევს. ჩვენი ხალხი ბრძენია და მას ჯერ კიდევ ატყვია ნაციონალური მმართველობის სისხლიანი კვალი. მათ დაბრუნებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს! ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი მობილიზება, ძალა და მხარდაჭერა, რომელიც მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიგვიყვანს.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ ამომრჩეველს ჩუღურეთის რაიონში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი რაიონი ყოველთვის და ყველაფერში ლიდერია. მან ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა ამ არჩევნებშიც. მე მეამაყება ეს ხალხი, ასეთი მოტივირებული და ერთგული!
წინ დიდი და საინტერესო მეორე ტური გველოდება, რომელიც კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს ყველას, რომ განახლებული ენერგიით ქართულ ოცნება შეძლებს გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა და ბოლომდე მიიყვანოს კეთილდღეობის პროცესი ქვეყანაში.
ერთიანობით, ერთგულებით და ჰუმანურობითა ჩვენ კვლავ გავიმარჯვებთ,-წერს ბერაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები