გრიგოლ ვაშაძე დავით ბაქრაძეს მადლობას უხდის

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მან დავით ბაქრაძეს დაურეკა და პოლიტიკური კულტურისთვის მადლობა გადაუხადა.
„რამდენიმე წუთის წინ, დავით ბაქრაძეს დავურეკე და ძალიან დიდი მადლობა ვუთხარი ამ უმაღლესი პოლიტიკური კულტურისთვის. დამერწმუნეთ, ეს მთელი ოპოზიციის გამარჯვებაა. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს წინ. როდესაც ახალ პოლიტიკურ კულტურაზე ვსაუბრობთ, ეს, პირველ რიგში, ნიშნავს პროდასავლური ძალების თანამშრომლობას. უღრმესი მადლობა დავით ბაქრაძეს იმ განცხადებისთვის, რაც გააკეთა”, – აღნიშნა ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძე ამ დროისათვის ვერ საუბრობს იმაზე, თუ რა ფორმას მიიღებს “ევროპულ საქართველოსთან” თანამშრომლობა.
“პარტიამ გამოხატა მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ მეორე ტურში ერთად ვიბრძოლებთ. რა ორგანიზაციულ ფორმას მიიღებს ეს, ამას ვნახავთ”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
„ევროპული საქართველო“, არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.
ამის შესახებ დავით ბაქრაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
„თუ დაჯდება სურათი, რომელსაც აჩვენებს კვლევა, იქნება მეორე ტური და მასში მონაწილეობას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მას დაუჭირონ მხარი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისათვის, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, არჩევნებში დამარცხება აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები