ჟორჟიკა” “რუსთავი2”-ის სიუჟეტზე: ეს სახლი ჩემია და არანაირი კავშირი არ აქვს მამაჩემთან, სულ ორჯერაა იქ ნამყოფი

ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის შვილი, მუსიკოსი გიორგი (ჟორჟიკა) ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გუშინ “რუსთავი2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც მმართველი გუნდის წევრების სახლები კიდევ ერთხელ აჩვენეს. როგორც მან განმარტა, სიუჟეტში ნაჩვენები ორი კერძო სახლი მისი და მისი მეგობრის, მომღერალ თეონა კონტრიძისაა. ჟორჟოლიანის თქმით, სახლის ორი მესამედი ჯერ კიდევ სარემონტო მდგომარეობაშია და მამამისი იქ მხოლოდ ორჯერაა ნამყოფი.
“გარე სამყარო შემოიჭრა ჩემს პირად სივრცეში და ეს განაპირობებს ამ პოსტის დაფიქსირებას. რამდენიმე დღის წინ, მოფრინდა დრონი ჩემს ეზოში, ძალიან არასასიამოვნო ხმაური გამოიწვია, ჩემი პატარა ცუგაც ძაან დაიძაბა… გარეთ გავედი და დავინახე დრონი, რომელიც ჩემი დანახვისას, ცოტა დისტანციაზე გავიდა და არ მიფრინავდა, იღებდა ჩემს და ჩემი მეგობრის, თეონა კონტრიძის სახლს (ეს არის ორი კერძო სახლი, ერთი საერთო კედლით, თითო სახლის საცხოვრებელი ფართი არის 242 კვ.მ). ძალიან არასასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის ეს ფაქტი, მაგრამ არ ჩავთვალე სერიოზულად და ვესაუბრე კიდეც რამდენიმე ადამიანს ამაზე, მაინტერესებდა, თუ არსებობდა რაიმე რეგულაციები დრონებთან დაკავშირებით…
გუშინ, ჩემმა დამ გამომიგზავნა ჩემი სახლის ფოტო, “რუსთავი2” – ის ეთერიდან გადაღებული )) ვითომ ეს სახლი (ანუ ორი სახლი თან) ეკუთვნის მამაჩემს, გია ჟორჟოლიანს და ვითომ ეს მისი ბოლო წლების პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგად აშენდა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და ძალიან მიკვირს ასეთი მასიური მედიასაშუალებით ტყუილის განცხადება რომ ნორმად არის მიჩნეული, ამ მოგონილ ნევროზში მძინარე საზოგადოებისთვის.
ეს სახლი მე და ჩემმა მეგობარმა, თეონა კონტრიძემ ავაშენეთ 2010 წელს. თეონამ თავისი მხარე მაშინვე დასრულებისკენ წაიყვანა, მე კი მხოლოდ 2016 წლიდან მოვახერხე, ჩემი ხელით, პირველ სართულზე საცხოვრებელი პირობების შექმნა და გადმოვიტანე სტუდია და მას მერე ვცხოვრობ აქ, ანუ ორი მესამედი ნაწილი ჯერ კიდევ სარემონტო მდგომარეობაშია, რაც მე არ მიშლის ხელს და ნელ-ნელა, ჩემი ძალებით ვაკეთებ, მაგრამ ამ დეტალებზე საუბარი მიწევს უბრალოდ, იმის გამო, რომ უცხო სხეული იჭრება ჩემს სივრცეში და შემდგომ ტელევიზიით გადაეცემა უამრავ ტელემაყურებელს ეს აბსურდი !
ამ სახლის მესაკუთრე ვარ მე, გიორგი ჟორჟოლიანი, ოფიციალურად და მამაჩემს არანაირი კავშირი არ აქვს და ჰქონია ამ სახლის არც აშენებასთან და სულ ორჯერ არის ალბათ, აქ ნამყოფი. იმდენი ხანია ტელევიზიის სიუჟეტები არ მინახავს და რას ჰგავს თურმე, ვერ წარმომედგინა ასეთი უშინაარსო და უაზრო თუ იყო ისევ ეს ჟურნალისტიკა, წლები გადის.. )) ბევრად საინტერესო და ლამაზია ცხოვრება, არსებობა და ყველაფერი ამ მარაზმის გარეშე.
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ეს პოსტი არ გამოიწვევს ჩემს ინტერაქციაში მოსვლას ამ სივრცეში. ეს არის განაცხადი 27.10.2018, ტელეკომპანია “რუსთავი2″-ის ეთერით ჩემი და ჩემი მეგობრის საკუთრების გადმოცემის და ზემოდან ზღაპრების მოგონების შესახებ”,- წერს გიორგი ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები