მანჯავიძე: ასეთი დარწმუნებული თუ ხართ გამარჯვებაში, რატომ არ ჩამოდის თქვენი ლიდერი საქართველოში
თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობას“ კითხვით მიმართავს. დეპუტატი დაინტერესდა საკითხით – თუ პარტია დარწმუნებულია მათი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებით, რატომ არ ჩამოდის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში?
„ერთი უცნაური კითხვა მიტრიალებს თავში, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” მოსალოდნელ გამარჯვებას აანონსებს. კი მაგრამ, თუ ასეთი დარწმუნებული ხართ გამარჯვებაში, რატომ არ ჩამოდის თქვენი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში? ჯერ ერთი, ამდენი მომხრეებით გარშემორტყმულს, ვინ გაუბედავს დაჭერას? აგერ, ბატონი სარალიძე ამდენი ხანია აგინებს, აფურთხებს და სცემს ძალოვნებს და სანამ სასწრაფოში ჩაკვლა არ დაუპირა მის მიერ თავგატეხილ პოლიციელს, თითიც ვერ დააკარეს. რომც ჩასვან, ერთი დღე დაჯდება და გამარჯვებული ვაშაძე ციხიდან გამოიყვანს, როგორც ახალ ნელსონ მანდელას.
უკრაინელი როცა იყო, ამ ცოტა ხნის წინ, ხომ გახსოვთ, როგორ შეარღვია უკრაინის საზღვარი? აქ ხომ გაცილებით მეტი მომხრე დახვდება, მით უმეტეს, რომ ახლა უკვე კვლავ ქართველი გახდა. ცხადია, არც კი ვუშვებ აზრს, რომ მიხეილს ეშინია. უფრო მგონია, რომ 2016 წლისთვის შეპირებული გვირაბი ახლა დაამთავრა და სრულიად მოულოდნელად ამოვა რომელიმე ლუკიდან პარლამენტის წინ. ისე, ცოტა რომ დაფიქრებულიყავით და გამორკვეულიყავით ამ სიძულვილის ძილ-ბურანიდან, მიხვდებოდით, რომ თქვენი გრძნობებით უხეშად და ცინიკურად მანიპულირებენ. ამას გულისტკივილით გეუბნებით, ყოველგვარი ცინიზმის გარეშე”, – წერს სოსო მანჯავიძე.
ხვალ, 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ქვეყანა პრეზიდენტს პირდაპირი წესით უკანასკნელად აირჩევს.