სოსო გიორგაძე ბათუმის საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო
ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალური საბავშვო ბაღების სასკოლო ასაკის აღსაზრდელთა გამოსაშვები, მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სასკოლო ასაკის 2755 აღსაზრდელი, მათი მშობლები და აღმზრდელები ესწრებოდნენ.
“საქპატენტის” ინფორმაციით, გამოსაშვები ღონისძიების ორგანიზატორი ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება გახლდათ.
“აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. “საქპატენტის” თავმჯდომარემ – სოსო გიორგაძემ ბათუმის საბავშვო ბაღებს ინტელექტუალური საკუთრების თემაზე შექმნილი ზღაპრები გადასცა, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ სახალისო ისტორიებს ასახავს და შემეცნებით ხასიათს ატარებს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ – სოსო გიორგაძემ და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა – დავით დიასამიძემ. ურთიერთთანამშრომლობის მიზანია პატარებში შემოქმედებითი აზროვნების მიმართ ინტერესის გაღვივება, ასევე, კრეატიული უნარების განვითარება და სიახლეების აღქმის წახალისება.
ბათუმის სტადიონზე გამართული ღონისძიების სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში შესრულდა ფოლკლორული ანსამბლის, თეატრალური დასის, საგუნდო და სოლო შემსრულებლების მუსიკალურ-გასართობი წარმოდგენები. საზეიმო აქტივობებში ჩართულები იყვნენ ბავშვები.
აღსაზრდელებს სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულება სცენიდან სოსო გიორგაძესთან ერთად მიულოცა ბათუმის მერის
მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა დავით დიასამიძემ სოსო გიორგაძეს სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებში შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
ღონისძიება ევროვიზიის გამარჯვებული მომღერლის, ანდრია ფუტკარაძის მიერ შესრულებული სიმღერით დასრულდა”, – წერია ინფორმაციაში.