“ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო და ჩვენს სახელმწიფოში ყველაფერი კანონის ფარგლებშია” – ლევან მაჭავარიანი
“ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო და ჩვენს სახელმწიფოში ყველაფერი კანონის ფარგლებშია, ყველა მოქმედებს კანონის ფარგლებში და ვინც კანონს დაარღვევს, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.
მაჭავარიანი ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტზე გაკეთებულ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.
„საზოგადოება ყველაფერს ხედავს, თუ რამდენად ასმაგი სტანდარტებით გვესაუბრებიან, თუ როგორ იქცევიან საერთოდ. ბოლოს და ბოლოს, თავიანთი საგარეო საქმეთა მინისტრები ჰყავდათ გამოგზავნილი ანტისამთავრობო აქციებზე, რითაც საერთოდ გაეროს წესდებაც კი დაარღვიეს. ამ შემთხვევაში ახლა ბატონ გვარამიაზე აპელირება, რომ თითქოს, იგი სახელმწიფომ დაიჭირა იმის გამო, რომ იგი ანგელოზია და არაფერი ჩაუდენია, მოდი, კანონს ჩახედონ და კეთილი ინებონ, გაეცნონ ამ საქმის მსვლელობას.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო და ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოში კანონის ფარგლებშია, ყველა მოქმედებს კანონის ფარგლებში და ვინც კანონს დაარღვევს, მან უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.