“ჩვენ ბევრი რამ განგვასხვავებს და ამ განსხვავებებზე არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი”
“ჩვენ ბევრი რამ განგვასხვავებს და ამ განსხვავებებზე არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი 28 ოქტომბერს. მე გეტყვით იმას თუ რა განგვასხვავებს თქვენგან”, – ამის შესახებ პარტია “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: “თქვენ რა განგასხვავებთ ერთი ძალა ხართ თუ ორი, მე რომ ვთქვი რომ ერთი ძალის ორი სახე უნდა მოსულიყო დებატებზე, გამოვარდით ორივე, რა განგასხვავებთ ერთმანეთისგან?”
დამოუკიდებელი კანდიდატის აღნიშნული კითხვა როგორც დავით ბაქრაძის მისამართით, ისე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიმართ იყო დასმული.
“პირველ რიგში ვისურვებდი რომ კორექტული ფორმით ვისაუბროთ ერთმანთთან და ეს გავვარდით და გამოვვარდით, ეს არ არის ის ტერმინოლოგია, რომელიც დებატებზე გამოიყენება, მე მესმის რომ თქვენ ვერ იქნებით ყველას პრეზიდენტი, რომელიც თქვენს ოპონენტებთან საერთო ენას გამონახავს, მაგრამ პატივი ვცეთ მაყურებელს. ჩვენ ბევრი რამ განგვასხვავებს და ამ განსხვავებაზე არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი 28 ოქტომბერს.
მე გეტყვით იმას თუ რა განგვასხვავებს თქვენგან – ჩვენ ამ ქვეყანაში გვინდა ცვლილება, ჩვენ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ გაჭირვებულ ადამიანს ვხედავთ, თქვენგან განსხვავებით, რომ ამბობთ საქართველო არც ისე ცუდად ცხოვრობს. ასევე, თქვენი ლიდერისგან განსხვავებით, რომელიც ამბობს რომ საქართველო აღმშენებლობის გზაზეა. ჩვენ ვხედავთ იმ უძრაობასა და ჭაობს, რომელშიც საქართველო “ქართულმა ოცნებამ” შეიყვანა. ჩვენ ვხედავთ უპერსპექტიობის განცდას, რომელსაც ქართველები მიჰყავს უცხოეთში და ვერანაირი დიასპორის სახლით ვერავის ჩამოიყვანთ აქ, სანამ საქართველოში არ იქნება ხვალინდელი დღისა და პერსპექტივის განცდა. აი სწორედ ეს განგვასხვავებს თქვენგან რომ ჩვენ ვიხედებით წინ, არ ვანგრევთ წარსულს და ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ. არ მინდა ვისაუბრო შიდა განსხვავებებზე, თუმცა, მაყურებელს ალბათ შეუძლია თავადაც განსაჯოს იმ განცხადებებით რა განცხადებებიც კეთდება საპრეზიდენტო კანდიდატების მხრიდან”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ სალომე ზურაბიშვილის კითხვის საპასუხოდ “პირველი არხის” გადაცემაში „დებატები 2018“.