დავით ბაქრაძე: მე ვარ ის კანდიდატი, რომელიც აცხადებს, რომ აუცილებელად დავამარცხებთ ხელისუფლებას
“ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა და მე ვარ ის კანდიდატი, რომელიც აცხადებს, რომ აუცილებელად დავამარცხებთ ხელისუფლებას“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, “ქართულმა ოცნებამ”
მმართველობის ექვსი წლის თავზე ქვეყანა ძალიან ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა.
“არ შესრულდა ის დაპირებები, რომლის გამოც ხალხმა 2012 წელს ახალი ხელისუფლება აირჩია; ცხოვრება უკან წავიდა, სიღარიბე გაიზარდა, მოიმატა პრობლემებმა და გაჭირვებამ. ამ ყველაფრის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის წინ წაყვანა არ შეუძლია და ქვეყანა დღეს უძრაობასა და ჭაობში იმყოფება. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა და მე ვარ ის კანდიდატი, რომელიც აცხადებს, რომ აუცილებელად დავამარცხებთ ხელისუფლებას, აუცილებელად წავიყვანთ ქვეყანას წინ და ამას ყოველგვარი დაპირისპირების, შურისძიებისა და ანგარიშსწორების გარეშე გავაკეთებთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.