დავით მათიკაშვილი: თბილისშიც და ყველა მუნიციპალიტეტშიც, რადიკალები მწარედ დამარცხდებიან
„თბილისში და ყველა მუნიციპალიტეტში, რადიკალები მწარედ დამარცხდებიან ქართველ ხალხთან. ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ დგანან ერთად და ძალიან კარგად იციან რა არის ჩვენი ქვეყნისთვის გასაკეთებელი. ამიტომაც ვიმარჯვებთ 2012 წლიდან ყველა არჩევნებში,“ -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, არც პოლიტიკაში არის ეს ხალხი წარმატებული, რადიკალიზმშიც წარუმატებლები არიან და ვერ მიაღწიეს სასურველ ძალადობრივ შედეგს.
„საზოგადოება იმდენად გაზრდილია, იმდენად კარგად აცნობიერებს თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა საქართველო „ქართლი ოცნება“ რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ხომ ორჯერ ორი ოთხია, ვინ არის საპირწონედ – მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური ბანდა პოლიტიკურ ანტურაჟშია გახვეული. ის ხალხი, რომელიც 2012 წლამდე კასკად კრიმინალს ჩადიოდა საქართველოში და ქართულ მიწა-წყალს არიგებდა. ისინი რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში და “დიფ სთეითის” ნება-სურვილი განხორციელებულიყო, რაც უეჭველი განხორციელდებოდა, ხომ მოხდებოდა საქართველოს ომში ჩართვა და ქვეყანაში გამოუსწორებელი შედეგები დადგებოდა. სახელმწიფო დგას მყარად თავის ადგილას, ძალოვანი სტრუქტურები მუშაობენ ძალიან მკაფიოდ, ძალიან გამართულად. ჩვენი საზოგადოება არის აბსოლუტურად მობილიზებული – მინიმუმ 1,2 მილიონი ადამიანი და დღევანდელი გათვლებით კიდევ უფრო მეტი, რომ საქართველოში არ დატრიალდეს 2012 წლამდე არსებული ვითარება და კიდევ უფრო უარესი“, – მიიჩნევს მათიკაშვილი.