,,არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე, ირთვება საარჩევნო კოდექსის ის მუხლები, რომლებიც უზრუნველყოფს არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობას იმ ორგანიზაციებისთვის, (როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი) ვისაც აქვს ამის სურვილი და აკმაყოფილებენ კანონმდებლობის მოთხოვნას”,- ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ცესკო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსურველმა სადამკვირვებლო მისიებმა რეგისტრაცია კანონის შესაბამისად გაიარონ.
„ეს არ არის მოკლე ვადა რეგისტრაციისთვის, საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია და საარჩევნო ადმინისტრაცია გამჭვირვალედ, ყველას თვალწინ დაარეგისტრირებს კანონის შესაბამის ორგანიზაციებს იმისთვის, რომ არჩევნებს დააკვირდნენ. გარდა ამისა, ჩვენ ყველა არჩევნებზე უზრუნველვყოფდით და უზრუნველვყოფთ სადამკვირვებლო პოტენციური ორგანიზაციების ინფორმირებას იმ პროცედურების შესახებ, რომელიც აუცილებელია რათა მათ დროულად და ზუსტად კანონის შესაბამისად გაიარონ რეგისტრაცია. ასე რომ, კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ არჩევნებზე დაკვირვება იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ხაზგასმით გავიმეორებთ, რომ ობიექტური დაკვირვება – ეს არის საარჩევნო პროცესის მთლიანობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენ შესაბამისად, აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მსურველმა სადამკვირვებლო მისიებმა კანონის შესაბამისად გაიარონ რეგისტრაცია“, – აცხადებს შარაბიძე.