ირაკლი კოვზანაძემ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები სავალუტო ფონდის მისიასთან განიხილა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინსა და საქართველოში სსფ-ის მუდმივ წარმომადგენელს, ფრანსუა პეშოს შეხვდა.
როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ სავალუტო ფონდის მისიასთან 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები, საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, საბანკო და საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა და საქართველოში სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა განიხილა.
„საქართველოს პარლამენტმა ახლახანს დაასრულა მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტის პირველადი ვერსიის განხილვა და მთავრობას შენიშვნებითა და წინადადებებით უკან დაუბრუნა. სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან, ასევე, ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორში ზედამხედველობის კუთხით დაგეგმილი რეგულაციებისა და საკრედიტო პორტფელზე მათი პოტენციური გავლენის შესახებ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე, აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარ – აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილი 4,5%-ის ნაცვლად 4,8% -ით გაიზარდა, ინფლაცია, სამიზნე მაჩვენებელთან შედარებით, კიდევ უფრო შემცირდა. მისი თქმით, ცხრა თვის მონაცემებით, მნიშვნელოვნად, 25,7%-ით გაიზარდა საქონლის ექსპორტი, ასევე, შემოსავლები ტურიზმიდან და ფულადი გადმორიცხვების მოცულობა უცხოეთიდან, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები