სოფიო ქაცარავა: არავის აქვს უფლება გავლენა იქონიოს ნატო-ს გადაწყვეტილებაზე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ვარშავის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს.
როგორც “კვირას” საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კონფერენციის პანელში, რომელიც ევროპის მთლიანობისა და თავისუფლების საკითხებს ეხებოდა, სოფიო ქაცარავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა.
მათივე ინფორმაციით, მან გამოსვლისას ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან თემას,როგორიცაა ტრანსატლანტიკური ერთობის ფორმირება.
„იმისთვის, რომ ევროპამ მდგრადობის შენარჩუნება შეძლოს, აუცილებელია ტრანსატლანტიკური ერთობა და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა ევროკავშირის და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, ევროპის კონფლიქტების გადაჭრა და დეზინფორმაციის აღმოფხვრა. არავის აქვს უფლება გავლენა იქონიოს ნატო-ს გადაწყვეტილებაზე სანდო პარტნიორის ინტეგრაციის შესახებ. 10 წელი გავიდა რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, რამაც შედეგად გამოიღო ოკუპირებული ტერიტორიები, უდანაშაულო ხალხის სიკვდილი და 300 000 იძულებით გადაადგილებული პირის დღევანდელი სტატუსი. საქართველოს ძალისხმევასთან ერთად, გავატაროთ სამშვიდობო პოლიტიკა, გვაქვს მოლოდინი, რომ ტრანსატლანტიკური საზოგადოება გააძლიერებს ევროპის კონფლიქტების მოსაგვარებლად მხარდაჭერას, რადგან ეს უკვე არ ეხება მხოლოდ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, აქ ევროპის უსაფრთხოების საკითხი დგას”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ასევე, ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც დგას ტრანსატლანტიკური საზოგადოება, რაც დეზინფორმაციისადა პროპაგანდის სახით ესხმის თავს ლიბერალურ ღირებულებებს და დემოკრატიის პრინციპებს.
მან ასევე, ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის, შიდა რეფორმებისა და მოსახლეობის არჩევანის შესახებ ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ.
ვარშავის უსაფრთხოების კონფერენციაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან მაღალი დონის პოლიტიკური პირები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები