ნიკა ლალიაშვილი: ყველამ დაინახა, რომ „რუსთავი2“ რადიაქტიური იარაღია სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” ხელში
ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა დაინახა ლიდერი, რომელიც პროცესშია ჩართული და რეალობას მშვენივრად იცნობს, – ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლის მობილიზება ყველა მიმართულებით სწორი გზავნილებით მოახერხა.
“აქცენტი კი მას ჰქონდა იმ აუდიტორიაზე, რომელსაც სჭირდებოდა გამხნევება „რუსთავი2“-ის ფეიკი ნიუსებისა და ყალბი ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ამან ბევრში გააჩინა სიზარმაცე, ნიჰილიზმს ვერ ვიტყოდი, უფრო დემოტივირება არჩევნებში მონაწილეობის მიმართ. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ელექტორატის მობილიზება“, – აცხადებს ლალიაშვილი.
მისივე შეფასებით, „რუსთავი2“ ცდილობდა ბიძინა ივანიშვილის ქარიზმის რუტინიზაციას.
“თუმცა, ხალხმა დაინახა, რომ ბიძინა ლიდერია და მას შეუძლია ქვეყნის მოწინააღმდეგეს ენის მოჩლექით კი არ ელაპარაკოს, არამედ, პრინციპულად. ამ ინტერვიუმ აუდიტორიას დაანახა, რომ დიახ, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია დაიცვას ქვეყანა რევანშისგან. ყველამ დაინახა, რომ „რუსთავი2“ რადიაქტიური იარაღია სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” ხელში და ივანიშვილმა მისი განეიტრალება პირდაპირ ეთერში შეძლო. ეს გარდამტეხი მომენტი იყო“, – აღნიშნა ნიკა ლალიაშვილმა.