რომან კაკულია: თავისუფალი ინდუსტრიული ზონების არსებობას კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთილი უპირატესობები სჭირდება, რომელიც თანხვედრაში იქნება საერთო სურათთან

საქართველოში არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზ) მდგომარეობაზე, დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მსჯელობდნენ. კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ბეგაძე ინდუსტრიული ზონების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თიზ-ების წარმომადგენლებმა ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ მოგების გადასახადის შემცირების შემდეგ, გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები ინდუსტრიული ზონის გარეთ და შიგნით ინვესტირებასთან დაკავშირებით. კერძოდ, პრობლემას წარმოადგენს თიზ-ში წარმოებული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე გატანის შემთხვევაში იმპორტის 4%-იანი გადასახადი და სხვა საკითხები, რომლებიც ხელისუფლების ჩარევას და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს.
„თავისუფალი ეკონომიკის ქვეყანაში, რომელსაც უნდა ბაზრის თავისუფლებით და გადასახადების სიმცირით მოიზიდოს, ზოგადად, ინვესტიციები, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების არსებობას, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთილი უპირატესობები სჭირდება, რომელიც თანხვედრაში იქნება საერთო სურათთან.
თუ ჩვენ ვაპირებთ, ეს მიმართულება გავაძლიეროთ და უფრო ეფექტური გავხადოთ, მაშინ აქ საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებები და ინსტიტუციონალური კოორდინაციის გაძლიერება. რადგანაც ის კანონი, რომლითაც ეს სფერო დღეს რეგულირდება, შეიქმნა იმ პირობებში, რომლის შემდეგაც ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ის რეალობას ადეკვატურად აღარ ასახავს”, – განაცხადა, რომან კაკულიამ. ​
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების წარმომადგენლები იმ შესაძლო ცვლილებების პაკეტს მოამზადებენ, რომელიც მათი აზრით, კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს. ამ წინადადებებს კომიტეტი შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილავს და საკითხს საკომიტეტო მოსმენისთვის მოამზადებს.
შეხვედრაში თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ყულევის და ფოთის ინდუსტრიული ზონების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები