საგარეო უწყება, „ღია ცის” ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წლის სადამკვირვებლო კომისიაზე რუსეთის განცხადებას პასუხობს

ვენაში, „ღია ცის” ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წლის სადამკვირვებლო ფრენების აქტიური კვოტების გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საკონსულტაციო კომისიის შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე, საქართველოს დელეგაციამ კომისიის ფარგლებში განცხადებით უპასუხა, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
„უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ქართული მხარე სრულად უჭერს მხარს გადაწყვეტილებას 2019 წლის სადამკვირვებლო ფრენების აქტიური კვოტების გადანაწილების შესახებ, რომელიც დღეს მიიღეს. ნება მომეცით, მოკლე კომენტარით შემოვიფარგლო რუსეთის დელეგაციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლითაც ის ადანაშაულებს საქართველოს “ღია ცის” ხელშეკრულების პოლიტიზირებასა და დარღვევაში. ნამდვილად სამწუხაროა, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს მცდელობებს, რომ ეს ტექნიკური ხელშეკრულება გამოიყენოს, როგორც ინსტრუმენტი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის – უკანონო აღიარების მიზნით.
რუსეთის ფედერაციამ ხელშეკრულების დარღვევის შეწყვეტის ნაცვლად, მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გაერთულებინა არსებული მდგომარეობა. კერძოდ, 2018 წლის 23 აპრილს “ღია ცის” საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე რუსეთი წარსდგა განცხადებით, სადაც დაეყრდნო ხელშეკრულების მე-4 მუხლის მეორე ნაწილს, ასევე მე-2 და მე-7 პარაგრაფებს, რომელიც ეხება არაწევრ სახელმწიფოებს. ამასთან, მიუთითა “კავკასიაში რუსეთის საზღვრის ორი მონაკვეთი”, ხოლო 2018 წლის 24 სექტემბრის ღია ცის საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე რუსეთმა განაცხადა, რომ „მათი გადაწყვეტილების მხარდაჭერით, აღადგინოს აფხაზეთისა და ოსეთის საზღვრებთან 10 კილომეტრის ფარგლებში სადამკვირვებლო ფრენები, აღნიშნულმა ორმა ახალმა დამოუკიდებელმა სახელმწიფოს ხელისუფლებამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოამჟღავნა”. ზემოაღნიშნული განცხადებები ნათლად ადასტურებს, თუ რა არის რუსეთის მხარის რეალური მიზნები. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ქვეყანას, რომელიც ღიად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, კერძოდ, სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოიყენოს ხელშეკრულება უკანონო ქმედებების ლეგალიზაციისთვის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2012 წლის 3 აპრილს, საქართველოს მხრიდან რუსეთთან მიმართებაში ხელშეკრულების იმპლემენტაციის შეჩერების საკითხი კვლავ ძალაში რჩება. გმადლობთ, მოვითხოვთ აღნიშნული განცხადების ასახვას დღის წესრიგში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „ღია ცის” შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს შეიარაღების კონტროლის მნიშვნელოვან კომპონენტს და წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელებით ხელს უწყობს სამხედრო მიმართულებით გახსნილობასა და გამჭვირვალობას.
აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2002 წელს და მისი წევრი 34 სახელმწიფოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები