მამა შალვა კეკელია: საქართველოში უამრავი ნარკოტიკია შემოსული, 90-იან წლებში რაც ხდებოდა, იმისკენ მივდივართ
მამა შალვა კეკელია მარიხუანას მოხმარების გაზრდილ შემთხვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს მოზარდებისთვის მარიხუანა ადვილად ხელმისაწვდომია.
ამის შესახებ მამა შალვამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
„რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დადგენილება მიიღო, მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან ბევრი რამ მისაღები გახდა ბევრი ადამიანისთვის. ის, რაც ტელევიზიებში, გადაცემებში ხდება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და რატომ – დღეს კი არ ხდება წარმოჩენა იმისა, რომ ნარკოტიკი არის ცუდი, საზიანო, დღეს გვესაუბრებიან იმაზე, რომ მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკია. ეს არ არის მსუბუქი ნარკოტიკი, შედის უმძიმეს ნარკოტიკებში. ნებისმიერმა ექიმმა კარგად იცის, რომ მარიხუანა ადამიანზე ძალიან ცუდად მოქმედებს, ის მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, გონებაზე, კლავს ტვინის უჯრედებს. იმაზე საუბარი, რომ თუნდაც ეს 21 წლის შემდეგ დასაშვები იყოს, აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამაა. ნამდვილად, ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანი, ღმერთი ადამიანს აძლევს თავისუფალ არჩევანს, მაგრამ პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს – „მე ყველაფრის კეთება შემიძლია, მაგრამ ის, რისი კეთებაც შემიძლია, სასარგებლო როდია.“
დილით, როდესაც თქვენთან გადაცემაში მოვდიოდი ჩემმა ერთ-ერთმა მრევლმა დამირეკა, რომელსაც 4 შვილი ჰყავს, მისი მეუღლე უკვე 40 წელსაა გადაცილებული და ახლა დაიწყო მარიხუანას მოწევა, ოჯახი დანგრევის პირასაა მისული. გუშინ იყო ჩემთან გოგონა მოსული, რომელსაც საშინელი თავის ტკივილები აქვს, 3 შვილი ჰყავს და მარიხუანას მოიხმარს. ნარკოტიკს თავის ჰალუცინაციები აქვს და ეგონა, რომ კვდებოდა, კინაღამ გადახტა, თავს იკლავდა, ვერ უძლებდა ტკივილებს. ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს ეს ნარკოტიკი“, – განაცხადა მამა შალვამ.
მისივე თქმით, დღეს ნარკოტიკის პროპაგანდა ხდება.
„თუ პროპაგანდა არაა, მაშინ ამდენი მომხმარებელი არ გამრავლდებოდა, მოზარდები, მეშვიდე კლასელები, მერვე კლასელები. ერთმა მოძღვარმა დამირეკა რუსთავიდან, საშინელ ხასიათზე იყო, ჩავედი ავტოფარეხთან და ვხედავ, მეშვიდე კლასელი ბავშვები ბოთლიდან მარიხუანით ბოლდებოდნენო. წარმოგიდგენიათ, რა ხდება ქვეყანაში და რა სიმძიმემდე მივედით? 90-იან წლებში რაც ხდებოდა, იმისკენ მივდივართ, რაც გამოვიარეთ. დღეს საქართველოში უამრავი ნარკოტიკია შემოსული. ჩემი მრევლის წევრები, რომლებსაც თავი ჰქონდათ დანებებული და წლების განმავლობაში აღარ იკეთებდნენ, დღეს იმდენად ყველგან იშოვება ნარკოტიკი, მარტო მარიხუანაზე არაა ლაპარაკი, ვეღარ ახერხებენ ამ ვნებაზე უარი თქვან.
ერთ რამეს მოვუწოდებდი იმას, ვისაც ეს ხელეწიფება, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ყველფერი აიკრძალოს. უამრავი ოჯახი ნადგურდება ამ ყველაფრით.
ჩვენთან მრევლი იყო მოსული, რომელიც ნარკოლოგიურ ცენტრში მუშაობს, ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ჩვენთან არ გადის კვირა, 4-5 მოზარდი, გოგონა, 13-14 წლის, არ შემოვიდეს მოწამვლის ფაქტით, მარიხუანას მოწევის შემდეგო. რითი უნდა ვუშველოთ ამას? რეგულაციებია დასადგენი, ჩვენი თხოვნა რა იყო, როცა სახელმწიფოს ვესაუბრებოდით, დადგინდეს ისე, რომ ადამიანი, რომელიც ნარკომომხმარებელი იქნება, უნდა დარეგისტრირდეს.
ჩვენ რას ვეჩეხებით დღეს? ადამიანი, რომელიც იძახის, რომ მარიხუანას მომხმარებელია, საპრეზიდენტო კანდიდატად გვყავს ქვეყნაში. ამბობს, რომ პრეზიდენტი უნდა გავხდე თქვენი. წარმოგიდგენიათ, რა დასაცინები ვართ?”, – განაცხადა მამა შალვამ.
თამუნა შეყილაძე