ზაალ ანჯაფარიძე: ჟურნალისტმა გადაწყვიტა, ივანიშვილის განცხადება შეეფასებინა, როგორც მუქარა

“ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძირითადად წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. მან ინტერვიუს დროს ახსენა სხვა საკითხებიც, მაგრამ ძირითადი დატვირთვა მაინც წინასაარჩევნო იყო”,- ამის შესახებ ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ “კვირასთან” საუბარში, პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მხრიდან ინტერვიუს ერთ-ერთი მიზანი, ასევე მერყევი ამომრჩევლის გადაბირება იყო.
“ეს ინტერვიუ არ იყო ივანიშვილისთვის საეტაპო მნიშვნელობის, როდესაც ის იძლევა ხოლმე ინტერვიუს და საუბრობს ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან, საკვანძო საკითხებზე. ეს ინტერვიუ, ძირითადად, ემსახურებოდა წინასაარჩევნო მიზნებს და მერყევი ამომჩევლის გადაბირებას “ოცნების” და მისი კანდიდატის მხარდასაჭერად. მან რამდენჯერმე გაიმეორა და მოუწოდა “ქართული ოცნების” ამომრჩეველს, რომელთაც, შეიძლება, რაღაც მიზეზების გამო არ მოსწონდეს სალომე ზურაბიშვილი, რომ მხარი დაუჭირონ მას. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს ინტერვიუ ძირითადად წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო და მეტი არაფერი. მან ახსენა სხვა საკითხებიც, მაგრამ ძირითადი დატვირთვა მაინც წინასაარჩევნო იყო”,- აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მუქარის შემცველი და არის თუ არა საფუძველს მოკლებული ტელეკომპანიის დღევანდელი პოზიცია, ექსპერტი ამბობს, რომ ეს ჟურნალისტის ინტერპრეტაციის ბრალი იყო და მას, ყოფილი პრემიერის მიერ გაკეთებული შეფასებები “რუსთავი 2”-ის მისამართით, როგორც საფრთხის შემცველი განცხადება არ მიუღია.
“მე, პირადად, ეს მუქარად არ აღვიქვი და ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ ეს შეეფასებინა, როგორც მუქარა – ეს ჟურნალისტის ინტერპრეტაციის საქმეა. გასაგებია, რომ მათ აწყობთ, რომ გამოიყვანონ “ქართული ოცნების”, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ისეთ პიროვნებად და ისეთ ლიდერად, რომელიც ემუქრება მედიასაშაულებას, ასე რომ, ამ ნარატივის გავრცელება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ეს მათ აწყობთ, და გასაგებია თუ რატომაც აწყობთ. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ხვალ წავა ეს შესაბამის მედიასაშუალებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და მერე ამას მოჰყვება შლეიფი მოვლენებისა, რომელსაც ჩვენ უკვე მივეჩვიეთ”,- აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ “კვირასთან” საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები