„თავისი ქვეყნის ჩაშვება და გალანძღვა“-პაპუაშვილი ფრანკფურტში ლაშა ბუღაძის გამოსვლას სამარცხვინოს უწოდებს
უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პროგრამასთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეთანხმება. ამის შესახებ ზაზა პაპუაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვეთანხმები. ის, რაც მე ვნახე ფრაგმენტულად, ვინ ადამიანები იყვნენ, რას საუბრობდნენ ტრიბუნიდან, მე, მაგალითად, შემზარა ბევრმა რამემ. თუნდაც, მარადმწვანე დრამატურგი რომაა, მწერალი, ბუღაძეზე ვლაპარაკობ, მისი გამოსვლა, სამარცხვინო. მისი რეცენზიებიც ვნახეთ, რა დაიწერა მის ნაწარმოებებთან დაკავშირებით… თავისი ქვეყნის ჩაშვება და გალანძღვა.
ბევრი სხვა რაღაცა უნდა ყოფილიყო წარდგენილი, მაგრამ ისევ ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ, როგორც ტელევიზიებში, როგორც პოლიტიკაში, ისევე აქაც. მათ გარეშე, თურმე, არავინ არაფერს წერს, არავინ არაფერს ხატავს. მე მაგალითად ვიზიარებ იმას, რაც თქვა ქალბატონმა სალომემ“- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა კულტურის სფეროს მოღვაწეებთან შეხვედრაზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პროგრამა გააკრიტიკა.
“მე პრეტენზია არ მაქვს, რომ საქართველოს კულტურის ყველა დარგში მაქვს ისეთი ცოდნა, ან ვიცი რა უნდა გაკეთდეს. ზოგჯერ ვგრძნობ იმიტომ, რომ ქალი ვარ და ინტუიციით [ვხვდები], რა არ კეთდება ისე, როგორც უნდა კეთდებოდეს. მაგალითად, ვგრძნობ, რომ ამ წლის ფრანკფურტის ჩვენი გასეირნება არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვერ გავიტანეთ ისე, როგორც უნდა გაგვეტანა ქართული კულტურა. გვქონდა უზარმაზარი შანსი და ეს შანსი ნახევრად გავიტანეთ. შეგვეძლო ბევრად მეტი, მაგრამ ეს ჩვენ წინ გვაქვს და ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
წელს ფრანკფურტის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი და პავილიონი ჰქონდა. გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა კონცეფციით Georgia Made by Characters / ანბანით მოთხრობილი საქართველო წარდა, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნებოდა. წიგნის ცენტრის ცნობით, გამოიფინა ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი-გამოცემა, ასევე უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი.
თამუნა შეყილაძე