ყური უნდა დავუგდოთ ქვეყანას, რას ვერ გუობს, რაზე არ გაგიღიმებს, არ დაგიჩოქებს, – პაპუაშვილი მარიხუანას კულტივაციაზე

საპარლამეტო უმრავლესობის წევრს, ზაზა პაპუაშვილს მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. ამის შესახებ პაპუაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„არ მომეწონა ამ საარჩევნო მარათონში ბევრი თანმიმდევრობა. ჩემთვის ეს თანმიმდევრობა ლოგიკურად არ ვითარდებოდა. მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. ლაპარაკია სამედიცინო დანიშნულებაზე და ა. შ. ამ ბაზარზე რაიმე გამოცდილება გავქვს? არ გვაქვს, არ ვიცით რა რისკ-ფაქტორებია, არ ვიცით, რას შეგვძენს, რასა არა.
ჩემი აზრით, რატომ გამოიწვია ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება – ქართველ კაცს, ცოტა არ იყოს, ამის გაჟღერება ეწყინა, ნაწყენი დარჩა. მთელი ჩვენი ცხოვრება ვიძახით, ასეთი ქვეყანა გვაქვს, აი, მთა, აი, ბარი. ამდენი რესურსებია, ეს ყველფერი და უცებ, თუ ჩვენ ასე დავუსვით ქვეყანას საკითხი, რომ თუ ეს ჩვენ ასე არ გავაკეთეთ ამის იქით გადასაჩეხია , ნაწყენი გრჩება. არც ომისთვის, არც გაჭირვებისთვის არც შიმშილისთვის, თავი არ აურიდებია , ბრძოლაში იყო, აქამდე გადარჩა. ამან გამოიწვია გულის ტკენა. ნუ ჩავკეტავთ სივრცეებს. მივყვეთ ისე როგორც საჭიროა. ქვეყანას თავისი ძირი, ფესვი, კოდი აქვს და ისე გიპასუხებს. ყური უნდა დავუგდოთ ქვეყანას, რას ვერ გუობს, რაზე არ გაგიღიმებს, არ დაგიჩოქებს. თუ კარგად დავუგდებთ ყურს ბევრ რამეს მოვახერხებთ. აკვიატებით და ჯინაზე არაფერი არ გამოდის“- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს. საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დროებით შეაჩერა.
ამასთან დაკავშირებით გუშინდელ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა.
„კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას წარმოების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, საზოგადოების წინააღმდეგ არ წავალთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ შფოთვას ვერ გავიზიარებ”- განაცხადა ივანიშვილმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები