ექსპერტი: სამწუხაროდ ქვეყანა ერთი ტელეკომპანიის დღის წესრიგზეა მომართული
ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინდელ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი2”-თან დაკავშირებით, მუქარის შემცველი არ იყო. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა ერთი ტელეკომპანიის დღის წესრიგზეა მომართული და ივანიშვილი არა მუქარაზე, არამედ ალტერნატიული წყაროების გაძლიერებაზე საუბრობდა.
“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას “რუთავი2″-თან დაკავშირებით, მე არ აღვიქვი ეს როგორც მუქარა. ეს ნიშნავს იმას, რომ არ ჩანს ალტერნატიული აზრი, ქვეყანაში, კარგ და ცუდ გაკეთებულ საქმეებზე. სამწუხაროდ ქვეყანა ერთი ტელეკომპანიის დღის წესრიგზეა მომართული. შაბათ-კვირას რაღაც საკითხებს გაამწვავებენ, შემდეგ ამ დღის წესრიგს მიჰყვება მთელი პოლიტიკური გუნდი, ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. არა და წესით, დღის წესრიგი ხელისუფლებამ უნდა შექმნას და ყურადღება გაამახვილოს არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ქვეყანაშია.
მე არ ვაკნინებ არცერთი საინფორმაციო საშუალების თუ ტელევიზიის მნიშვნელობას, მაგრამ მე მიყვარს ბალანსი და არჩევანის გაკეთება. მე არ მიყვარს მონოპოლია და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ალტერნატიული წყაროების გაძლიერებაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი, რაც თავისთავად ნიშნავდა იმას, რომ თავისი გუნდი ამაში სუსტია, რადგან საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური გზა ვერ გამოძებნა”, – აღნიშნა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, მედიის წარმომადგენლებთან გუშინდელ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს დაალაგებს, რაც ოპოზიციამ “რუსთავი 2”-ზე ღია თავდასხმად შეაფასა.