მამუკა არეშიძე: ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რუსთავი2-ის მისამართით არანაირი მუქარა არ გაჟღერებულა
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე თვლის, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რუსთავი2-ის მისამართით ზეწოლის, ან მუქარის შემცვლელი მესიჯი არ გაჟღერებულა.
ამის შესახებ არეშიძემ 23 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.
მამუკა არეშიძე ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილის ადგილას რომ ვყოფილიყავი ამდენ ყურადღებას რუსთავი2-ს არ მივაქცევდი“.
„არანაირი მუქარა არ ყოფილა, მან აბსოლუტად სხვა რამე იგულისხმა. იგულისხმა, რომ ისეთ სიტუაციას შექმნის, რომელიც, მისი აზრით, რუსთავი2-ს დაემხარება იყოს უფრო ობიექტური. მან თქვა, რომ გაკეთდება რეიტინგები, გამოკითხვებს ჩავატარებთო, რომელიც რუსთავი2-ს დაეხმარება დაინახოს, რომ მის მიერ წარმობული სარედაქციო პოლიტიკა არ არის რელევანტური, სწორი და მართალი“,-აღნიშნა ექსპერტმა.
მამუკა არეშიძემ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი გაიხსენა.
„ერთი ფრაზა მახსენდება, რომელის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა პატარა სოფლის მაცხოვრებლებმა თქვეს 2012 წლის არჩევნების დროს. ისინი ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ და როდესაც ვაჩვენეთ წყალტუბოს ერთ-ერთ სოფელში გადაღებული კადრები, იმათმა თქვეს, რომ რუსთავი 2-ის ყურების შედეგად, გვეგონაო, რომ მხოლოდ ჩვენ ვიყავით ასეთ მძიმე პირობებში, თურმე სხვაგანაც ყოფილა ასეთ მძიმე პირობებში მყოფი სოფლებიო. მაშინ რუსთავი2 სხვა ტიპის სარედაქციო პოლიტიკას აწარმოებდა, თითქოს ყველაფერი კეთდებოდა და ყველაფერი აყვავებული იყო. ისეთივე თვალთმაქცური იყო მაშინ რუსთავი2 -ის პოლიტიკა, როგორც დღეს, უბრალოდ მაშინ სხვა კუთხით. რუსთავი2, რომ ობიექტური ტელევიზია არ არის – ფაქტია. მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ რუსთავი2 უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ განსხავევბული პოზიცია უნდა არსებობდეს, თუმცა ტონს უნდა დაუწიონ. რაც შეეხება ბიძინა ინავიშვილის ტონალობას, მე მასში მუქარა ნამდვილად ვერ დავინახე, მაგრამ ვიმეორებ, ამდენ ყურადღებას რუსთავი2-ს არ დავუთმობდი“,-განაცხადა მამუკა არეშიძემ.