გია აბაშიძე: ჟურნალისტებმა სიყვითლისკენ წაიყვანეს კითხვა-პასუხის რეჟიმი და ისეთ რაღაცაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც პროკურატურის კომპეტენციაა

ექსპერტმა, გია აბაშიძემ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა, რომ შეხვედრა საინტერესო იყო, თუმცა ყურადღება სხვა უფრო მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე უნდა გამახვილებულიყო.
მისივე თქმით, გარდა პოლიტიკური შეფასებისა ამომრჩეველს დღესდღეობით არსებული გამოწვევებიც აინტერესებს.
“ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა, ჩემი შეფასებით, საინტერესო იყო. თუმცა ვისურვებდი, რომ უკეთეს ფორმატში წარმართულიყო. აქტუალური საკითხები არაერთია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები უნდა ყოფილიყო პრიორიტეტული, იქნებოდა ეს საპრეზიდენტო კანდიდატი თუ საგარეო საფრთხეები და გამოწვევვები, მაგრამ სამწუხაროდ ჟურნალისტებმა სიყვითლისკენ წაიყვანეს კითხვა-პასუხის რეჟიმი და ისეთ რაღაცაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც პროკურატურის კომპეტენციას ეხება.
გარდა ამისა, პოლიტიკური შეფასება გასაგებია, მაგრამ ჩვენ, ამომრჩევლებს, სხვა სახელმწიფოებრივი საკითხები გვაინტერესებს. მე მთავარი რაც დავინახე, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში იმისთვის, რომ გადაახალისოს პოლიტიკური გუნდი, როგორც ჩანს მის გუნდში სერიოზული პრობლემებია, როგორც მმართველობის, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობის და რეფორმების დროულად ჩატარების, ამიტომ მას კიდევ ერთი წელი სჭირდება, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას”, – განაცხადა გია აბაშიძემ.
პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გუშინ სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები