ზაზა პაპუაშვილი: ცვლილებებთან დაკავშირებით გუნდში აუცილებლად დაიწყება ლაპარაკი
ცვლილებებთან დაკავშირებით, გუნდში აუცილებლად დაიწყება ლაპარაკი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზაზა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ შეაფასა.
“ბევრი ნაცნობი თემა იყო გუშინდელ ინტერვიუში, „რუსთავი 2″ რაც არის, ყველამ კარგად ვიცით, მეც მილიონჯერ გამომითქვამს აზრი და ამაზე გაჩერება აღარ მსურს. ერთი მთავარი, რაც გაჟღერდა და მე ეს მაქვს გულში, მან თქვა, რომ ერთ წელიწადში ეს ყველაფერი რაღაცნაირად დალაგდება და მოწესრიგდება.
მე იმდენი ფიქრი მაქვს ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელზეც გუნდში აუცილებლად დაიწყება ლაპარაკი, ინსტიტუციებთან დაკავშირებითაც, რას რა რეფორმა სჭირდება, მე მაქვს ჩემი რამდენიმე წინადადება, აუცილებლად დავსხდებით და დავიწყებთ ამაზე ლაპარაკს. ამ მომენტმა მიიქცია ჩემი ყურადღება ინტერვიუში, ეს ისეთი ნათქვამია,რომ ამას ყველა თანაგუნდელის აზრის მოსმენა უნდა, აზრები იდეები,რომელიც რაღაც სასწრაფო ცვლილებას საჭიროებს” – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ქვეყანაში, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“.
„მე ვპირდები საზოგადოებას, პირველ რიგში, იმას, რომ საკუთარ გუნდს მაქსიმალურად გავამაგრებ და გავამყარებ. მენეჯმენტით მივაღწიე წარმატებას. მე გავაკეთებ ისეთ მენეჯმენტს, დავეხმარები გუნდს. სწორედ ამიტომ შემოვბრუნდი, რომ მათ უჭირდათ და დასჭირდათ ჩემი რესურსი. მე ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი მიეცემა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
თამუნა შეყილაძე