ბიძინა ივანიშვილი: უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ, პარტიაც გაძლიერდება

“ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. დღეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სახელმწიფო აღარ არსებობს”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, იგი პოლიტიკაში იმიტომ დაბრუნდა, რომ გუნდს გაუჭირდა.
მისივე თქმით, იგი როგორც გამოცდილი მენეჯერი გუნდს დაეხმარება და მმართველ პარტიას გააძლიერებს.
„მე დავბრუნდი პოლიტიკაში, მე მოვახერხებ, რომ ეს ვერტიკალი გუნდში დავამყარო, გუნდში ნიჭიერები წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ, პარტიაც გაძლიერდება, მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, ჩვენს საზოგადოებაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი დაერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება. “რუსთავი 2” ვერ შეძლებს რომ, საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. ასეთ სიცრუეში და ასეთ სტერებში აცხოვროს საზოგადოება. ის, რაც გააკეთეს 9 წლის მმართველობის დროს, დღესაც ცდილობენ ისევ ძალადობით და სიცრუით მოახდინონ საზოგადოების მანიპულირება.
ვპირდები საზოგადოებას პირველ რიგში იმას, რომ საკუთარ გუნდს გავამაგრებ და გავამყარებ. მენეჯმენტია ჩემი ძლიერი მხარე, ამაში დავეხამრები გუნდს და ამისთვის შემოვბრუნდი. მათ უჭირდათ და დასჭირდათ ჩემი რესურსი. ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. დღეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სახელმწიფო აღარ არსებობს. დღეს ოქუაშვილი, რომელიც ბიუჯეტს ფულს არ უხდის, 50 მილიონს, ის უტევს სახელმწიფოს. მაშინ როდესაც წინა მმართველობის დროს, გელაშვილი კინაღამ მოკლეს ცემით, რომ რაღაც არ დაუთმო სააკაშვილს; ქიბარ ხალვაშს პირდაპირ გადაუწვეს ყველაფერი; მთელი ბიზნესის მანიპულირება და ზეწოლა მიდიოდა. დღეს უნდათ დახატონ სიტუაცია, რომ სახელმწიფო რეკეტი ივანიშვილის მეთაურობით არსებობს და ოქუაშვილისგან ფულს იღებს, რაც არავითარი ფაქტით არ საბუთდება და ვერც დასაბუთდება, რასაც ადგილი არ ჰქონია. ეს ხალხი ამას ახერხებს, დღეს, როდესაც 9 წლის განმავლობაში ბიზნესმენებს ტყავს აძრობდნენ, მთავარი პროკურორი მოლარე გახლდათ, სამწუხაროდ კიდევ მიწევს ამის შეხსენება და დღეს ეს ხალხი კითხვებს სვამენ. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ეს სწორია. ჩვენ სხვა გზა და სხვა ხელწერა არ უნდა აგვერჩია და სწორად ვაკეთებთ ამას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები