გოგა ხაინდრავა: გიგაურის ორგანიზაცია “ნაცმოძრაობის” პოლიტიკას ატარებს, ქვეყანას რეგულარულად სწამებს ცილს საზღვარგარეთ

ეკა გიგაურის ორგანიზაცია რეგულარულად აბეზღებს საქართველოს საზღვარგარეთ და ცილს სწამებს, – ასე შეაფასა რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ “კვირასთან” საუბრისას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი ონიანის მიერ დანიაში გამართულ ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება.
გოგა ხაინდრავა თვლის, რომ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკას ატარებს, და არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი ფორმალურად აქვს.
“სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში ისეთი ვითარება ჩამოყალიბდა, რომ ჯალათები თავიანთი მსხვერპლების წინააღმდეგ ხმამაღლა გამოდიან. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა. კაპიტანი ეკა გიგაური არის მატყუარა, ის ცდილობს არა მხოლოდ სასამართლო, არამედ მთელი საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ეს არის ადამიანი, რომელმაც 2007 წლის იმ არაადამიანური დარბევის მონაწილე სპეცრაზმელები დააჯილდოვა და თავადაც ამაში რიგგარეშე კაპიტნის წოდება მიიღო. ეს დოკუმენტურად მტკიცდება. იმიტომ არ მოდის სასამართლოში, იმიტომ ემალება მართლმსაჯულებას, იმიტომ აქვს ყოველგვარ მორალს გადაცილებული პოზიცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, იმთავითვე იყო ამ პარტიის წევრი, გადასროლილია ამ ე.წ. არასამთავრობო სექტორში. დღეს, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობას” პრაქტიკულად კონვულსიები ემართება, ყველანი გაიშიფრნენ, ისინიც, რომლებიც ჩანერგილნი იყვნენ ან პრესაში ან არასამთავრობო ორგანიზაციებში, ესენი იყვნენ ვანოს და მიშას დამქაშები.
გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდნენ პოლიტიკურ მოძრაობას – “ძალა ერთობაშია”, ჯერ რა ძალა და რა ერთობაშია – ეს ცალკე საკითხავია, თუმცა ამას ხომ ვხედავთ ყოველ დღე. გიგაურის ორგანიზაცია რეგულარულად აბეზღებს საქართველოს საზღვარგარეთ, ცილს წამებს. ის, რაც გააკეთა ონიანმა, იგივე გააკეთა კანდელაკმა თავის დროზე, როდესაც ის ევროპარლამენტარებს ეუბნებოდა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მიეცათ. ეს ხომ მათი ხელწერაა, ეს მათი მსოფმხედველობაა, ასე რომ, აქ გასაკვირი არ არის, გრძნობენ რომ კარგავენ სადავეებს და ყველანი საცვლებიდან არიან ამომხტრები და უსაცვლებოდ დარჩებიან. ქართულმა საზოგადოებამ იცის, ვინ არის გიგაური, ვინ არის ონიანი, ვინ არიან დანარჩენები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციების ფარები აქვთ აფარებული. ონიანმა რაც განაცხადა, არის ცილისწამება. ეს იყო პოლიტიკური განცხადება. რა არის კორუფცია და მისი მასშტაბები, ჩვენ კარგად ვიცით, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობდით მაშინ, ონიანი მაგიდის ქვეშ რომ დადიოდა “სოსკით” და წითელი დროშა ეჭირა ხელში”, – განაცხადა ხაინდრავამ.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დოკუმენტებით ხელში, აცხადებდნენ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი, რომელსაც ყოფილი მმართველი პარტიის დროს მაღალი თანამდებობა ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა მშვიდობიანი მანიფესტების დარბევის ხელშეწყობაში 2007 წლის ნოემბერში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დანიაში გამართულ ანტიკორუფციულ კონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეს საქმე, ამჟამად, საქართველოს სასამართლოში განიხილება, სადაც ეკა გიგაური პასუხების გასაცემად დღემდე არ გამოცხადებულა.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნული განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი ონიანის გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
რაც შეეხება ონიანს, მან საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა.
“მინდა წარმოგიდგინოთ იმის ალტერნატიული სიტუაცია, რაც მინისტრმა გაგაცნოთ. ეს არის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესში ჩართული სამოქალაქო სექტორის შეფასება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს OGP-ის თავმჯდომარეობამ და ზოგადად, ღია მმართველობის პროცესმა, სრული კრახი განიცადა.ამის მიზეზი თანამშრომლობის ნაკლებობაშია, იმაში, რომ ვერ მოხერხდა, რაიმე ამბიციური ანტიკორუფციული რეფორმების გატარება. უფრო პრობლემატური კი ამ სიტუაციის სრული სურათია, სადაც ნათლად ჩანს დემოკრატიის ხარისხის პრობლემები, მაღალი დონის კორუფცია და სხვა. ეს მხოლოდ ქართული სამოქალაქო საზოგადოების შეფასება არაა”, – აღნიშნა ონიანმა.
რაც შეეხება გოგა ხაინდრავას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის გასულ წელს უჩივლა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში. ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 30 თეთრს ითხოვს.
რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ მას აქვს დოკუმენტი, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს.
ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო. მისივე ხელმოწერით კი 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები