ვივიენ ვოკერმა “დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სტრატეგიული კომუნიკაციების” თემაზე საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

საჯარო დიპლომატიის საკითხებში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვივიენ ვოკერმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან და სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა თემაზე: „დეზინფორმაციასთან ბრძოლა და სტრატეგიული კომუნიკაციები“.
პრეზენტაციის წარდგენისას, მან ისაუბრა დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, როგორც საფრთხეზე, რომლის წინაშეც შესაძლებელია ნებისმიერ ქვეყანა აღმოჩნდეს.
ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ვითარებაზე და მიმოიხილა დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული ტენდენციები.
მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება, რადგან ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ ხელისუფლებამ შექმნას სწორი გზავნილები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.
მისივე თქმით, ეს ერთი მხრივ თავიდან აგვაცილებს დეზინფორმაციას და საზოგადოება მუდმივად მიიღებს სწორ და ობიექტურ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო პარტნიორები კარგად დაინახავენ ქვეყნის პროგრესს, რაც დადებითად აისახება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე.
„საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის კუთხით, რაც გამოიხატება სახელმწიფო უწყებების მხრიდან სტრატეგიული კომუნიკაციის სექტორის განვითარებით და აქტიური ჩართულობით ამ პროცესში. ამ კუთხით, პარლამენტს გააჩნია უდიდესი პოტენციალი და საჭიროა, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული და პარლამენტმა გააქტიუროს თავისი ჩართულობა სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინაციასა და პოზიტიური ნარატივების ჩამოყალიბებაში. მოხარული ვარ, რომ პარლამენტის მხრიდან არის ასეთი დაინტერესება, რაზეც მეტყველებს დღევანდელი აუდიტორიის ინტერაქცია და აქტიურობა“, – განაცხადა ვივიენ ვოკერმა.
„თანამედროვე სამყაროში პროპაგანდა და დეზინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სწორი გზა თუ როგორ დავუპირისპირდეთ ამ პროცესს, რადგან საზოგადოებისთვის ინფორმაციის სწორი მიწოდება, სწორი მოლოდინების და შეხედულებების ჩამოყალიბება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ როგორი სტრატეგიული კომუნიკაციების არხები უნდა არსებობდეს და როგორი უნდა იყოს მიდგომები იმისთვის, რომ ამ პროპაგანდას დავუპირისპირდეთ“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები