ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას პასუხობს: ეკა კვესიტაძის გაგზავნას ვაპირებთ ამ ინტერვიუზე

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ თუ შეთავაზება ძალაშია, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე ეკა კვესიტაძეს გაგზავნიან, რადგან ინტერვიუს დროს გიორგი გაბუნიას საკუთარი საავტორო გადაცემა “არჩევანი” აქვს და ამიტომ ის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიწვევას ვერ მიიღებს.
ამასთან, ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით, ინტერვიუ „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში არ გავა.
“ლაივი ცხადია არ იქნება, არ არის ინტერესის სფერო ბიძინა ივანიშვილი რას ილაპარაკებს საარჩევნოდ, საპროგრამო სიტყვას თუ ასე შემდეგ.
თუ მას უნდა ლაივში განსაკუთრებით მწვავე ინტერვიუ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმატი “ჰარდ თოქი” – ეს არის “კვირის აქცენტები.” მე და ეკა დიდი სიამოვნებით მივიღებთ მას”, – აცხადებს ნიკა გვარამია.
ბიძინა ივანიშვილი ხვალ, 22.00 საათზე ინტერვიუს სამი არხის – „იმედის“, „რუსთავი 2“-ის და „ტვ პირველის“ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს მისცემს.
ამის შესახებ “კვირას” “ქართული ოცნების” პრესსამსახურიდან აცნობეს.
“23 ოქტომბერს, 22.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სამი ყველაზე რეიტინგული არხის, სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია იმედიდან, „პირისპირ“ – ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-დან „არჩევანი“ – გიორგი გაბუნიას და ტვ პირველიდან – „რეაქცია“ – ინგა გრიგოლიას, იწვევს მასთან ინტერვიუზე.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს.
ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს.
ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები