“ელექტროძრავიანი ავტომობილები არის რეალური შანსი, რომ ყველამ ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ქალაქის ეკოლოგია”

მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს თბილისის მერიის მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, კრწანისის მაჟორიტარმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარია პროექტებს დადებითად აფასებს.
“კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში დღეს გაჟღერებული, კონკრეტული, თარიღებს, მიმართულებებსა და ერთეულებში გაწერილი გეგმა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ უკვე გაისად ვიხილავთ დედაქალაქის ქუჩებში ჩვენი მოსახლეობისათვის ასე სასურველ სურათს, როგორც მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სათანადო და კომფორტული მომსახურების თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივებისა და დედაქალაქის სტუმრებისათვის და ზოგადად, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი მიმართულებით – ქუჩებში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ევროპული სტანდარტითა და ერთიანი იერსახით არსებობის თვალსაზრისით. რაც შეეხება მიწისზედა მეტროს მშენებლობას, ეს არის პრაქტიკულად ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტა ისეთი, ერთის შეხედვით, ძალზედ მძიმე პრობლემისა, რასაც საცობები წარმოადგენს დედაქალაქში, მით უმეტეს ა/მ იმპორტის ყოველწლიური ზრდის მაჩვენებლების გათვალისწინებით. თუმცა, საფუძვლიანი ოპტიმიზმისთვი, თუნდაც ათენის ანალოგიური მაგალითი იქნებოდა საკმარისი. და ბოლოს, ელექტროძრავიანი ავტომობილები არის რეალური შანსი, რომ ყველამ ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ქალაქის ეკოლოგია და მასთან ერთად, ჩვენი შვილებისა და მშობლების ჯანმრთელობა. ამიტომ, თავმდაბლად მოვუწოდებდი თანაქალაქელებს, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებს, რომელთაც გეგმაში აქვთ ავტომობილის შეძენა დავამკვიდროთ ერთგვარი თბილისური ტრენდი და ვიმოძრაოთ ელექტრო და სხვა ეკონომიურძრავიანი ავტომობილებით და ამით გავხდეთ თანამონაწილე დიდი საერთო საქმის, მით უმეტეს, რომ ამას თან ახლავს თბილისის მერის მიერ გაცხადებული კონკრეტული უპირატესობები ასეთი ავტომობილის მფლობელთათვის. პირადად მე ვეცდები უახლოეს ხანში შევუერთდე ამ ტრენდს”, -განაცხადა ოდიშარიამ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები