იაგო ხვიჩია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არასრულწლოვანი არცერთი ტიპის ნარკოტიკს არ გაეკაროს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არასრულწლოვანი არ გაეკაროს არცერთი ტიპის ნარკოტიკს, – ამის შესახებ „გირჩის“თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იაგო ხვიჩია გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, სკოლებში მოზარდების მიერ მარიხუანას მოხმარების ფაქტები გამოვლინდა.
„არცერთი ნარკოტიკის გასინჯვა არ არის კარგი, არასრულწლოვნების ასაკში განსაკუთრებით.
ამიტომ, ჩემი რჩევა, რეკომენდაცია არის ის, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არასრულწლოვანი არ გაეკაროს არცერთი ტიპის ნარკოტიკს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გარდა იმისა, რომ ეს არასრულწლოვანი ჩავსვათ ციხეში.
მე ასეთი მიდგომა მაქვს. ყველაფერი შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ არ ვიძალადოთ. ბავშვებს ხომ ბავშვობიდან ვასწავლით, რომ ცეცხლი წვავს და მასთან მიკარება არ შეიძლება, სიმაღლიდან არ შეიძლება გადმოხტომა და ა.შ. ჩემი აზრით, აკრძალვას კი არ აქვს შინაარსი, არამედ შესწავლას აქვს შინაარსი. როგორც ცეცხლთან, სიმაღლესთან ურთიერთობას ვაწავლით ადამიანებს ბავშვობაში , ზუსტად ასე უნდა ვასწვალოთ ნარკოტიკებთან ურთიერთობა“- განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, გამოვლინდა, რომ თბილისის სკოლებში მოსწავლეები მარიხუანას მოიხმარენ. მოსწავლეების მიერ მარიხუანას მოხმარების ფაქტი არასრულწლოვნებმა „კურიერს“ დაუდასტურეს. 120-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ მარიხუანას მათი თანასკოლებები ხშირად ეწევიან. მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ კანაფს უფროსკლასელებთან ერთად მცირეწლოვნებიც მოიხმარენ. რამდენიმე დღის წინ მარიხუანა აღმოუჩინეს 115-ე საჯარო სკოლის მოსწავლესაც. ტელეკომპანიის ცნობით, როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მოსწავლე რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა, გამოიკითხა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები