იაგო ხვიჩია: კანაფის ფესტივალზე ამდენი პოლიციელის ყოფნას ის შედეგი ჰქონდა, რომ ბაყაყი, დათვი და მგელი დაიჭირეს

კანაფის ფესტივალზე ამდენი პოლიციელის ყოფნას ის შედეგი ჰქონდა, რომ საბოლოო ჯამში ბაყაყი, დათვი და მგელი დაიჭირეს, – ამის შესახებ „გირჩის“თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ აქციით, საქართველოს პოლიციელის პრესტიჟი დაზიანდა.
„ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი დაგეგმილი იყო იმისთვის, რომ მომხდარიყო მარიხუანას გასაღება. თბილისში რამდენი პოლიციელიც იყო, ყველა შემოგვისიეს. ფესტივალი მაინც ჩატარდა. ფესტივალზე ამდენი პოლიციელის ყოფნას ის შედეგი ჰქონდა, რომ საბოლოო ჯამში ბაყაყი, დათვი და მგელი დაიჭირეს. ეს იყო პოლიციის მიერ მშვიდობიანი ფესტივალის დარბევა. არავინ იყო ჩვენზე თავდასასხმელად მოსული, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსი. კი, რამდენიმე ფაშისტი იყო მოსული, მაგრამ ისინი აპროტესტებდნენ ფესტივალს, მაგრამ კანონდარღვევა არ ჩაუდენიათ.
ფესტივალი იყო ნაბიჯი, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დაგვეცვა, დავიცავით სასამართლოს გადაწყვეტილება. როცა პოლიციის კორდონებში გიწევს ფესტივალის ჩატარება, ის ისეთი ვერ იქნება, როგორიც შენ დაგეგმილი გქონდა. მტკვარი კონტროლდებოდა, იმიტომ, რომ მტკვრიდან არ შემოგვეტანა კანაფის მცენარე. „გირჩის“ ოფისში იხილებოდა ეს ვერსია, როგორც ჩანს, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. კატერები დარბოდნენ მტკვარზე და ა.შ.
როგორც ჩანს, ჩვენ მივდივართ ავტოკრატული სახელმწიფოსკენ. შსს-მ სცადა ჩვენთვის აქციის ჩაშლა, მაგრამ მე მგონი არ გამოვიდა აქციის ჩაშლა. აქ მთავარია ის იყო, შედგა თუ არა აქტი, როდესაც „დამნაშავეს“ ვერ დაიჭერდნენ და ფაქტია, ზურაბ ჯაფარიძე არის გარეთ. ამ აქციით, ვინც დაზიანდა, ეს არის საქართველოს პოლიციელის პრესტიჟი. მათ ფაქტობრივად, მთელი შსს-ს ძალების მობილიზება მოახდინეს მშვიდობიანი, მხიარული ფესტივალის დასაშლელად, დასარბევად, რომლის კადრებიც მალე მთელ მსოფლიოს მოიცავს. მთელმა მსოფლიომ სხვადასხვა ენაზე იცის, რომ დაახლოებით, ათმა პოლიციელმა კანაფის ფესტივალზე დაიჭირეს არასრულწლოვანი ბაყაყი, რომელმაც სისტემას დედა შეაგინა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, კანაფის ფესტივალი მომავალ წელსაც გაიმართება.
„მომავალ წელს, 20 ოქტომბერს სხვანაირი კანაფის ფესტივალი იქნება. ბუნებრივია, ეს თემა იქნება მოთლილი იმ დროისთვის. ვფიქრობ, საერთოდ „გირჩმა“ რომ გადავიფიქროთ ამ თვალსაზრისით ბრძოლა, ქართველი ხალხი მიხედავს ამ ფესტივალს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, „გირჩმა“ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი“ 20 ოქტომბერს დედაენის ბაღში გამართა, სადაც ფესტივალის ათამდე მონაწილე პოლიციამ დააკავა, მათ შორის იყო „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე. ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები