საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საკუთარი ინიციატივის – „მწვანე პოლიტიკის” სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე – „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტი” სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, „მწვანე ეკონომიკა” რეფორმების მთავარი ქვაკუთხედია.
პრემიერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხედვა მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, საწვავის სტანდარტი, მშენებლობა და რა თქმა უნდა, ტრანსპორტი.
“დღეს ჩვენ განვაცხადებთ ახალი ინიციატივის შესახებ, რომლითაც დარწმუნებული ვარ, იამაყებენ მომავალი თაობები. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი ათი წლის განმავლობაში, საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით და შესაბამისად, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ მოკლე ვადაში ჩაანაცვლებს თავის ავტოპარკს ელექტრომობილებით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, მაგრამ ამავე დროს, ეს გეგმა ძალიან დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს და ძალიან დიდ ღირებულებას შესძენს ჩვენს ეკონომიკას.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა მივეცით ელექტროტრანსპორტს, შიდა წვის ძრავიან ავტომანქანებთან შედარებით, განბაჟება ფაქტობრივად, გახლავთ ნულოვანი და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით სხვაობას განბაჟების ნაწილში ელექტროტრანსპორტსა და ტრადიციულ ავტომობილებს შორის. ამასთან ერთად, ჩვენ განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს და ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს საქართველოში ელექტრო ავტომობილების შემოყვანით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი შეიძენს ელექტრო ავტომობილს და ფაქტობრივად, იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც ის მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, ხუთწლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯების გარეშე.

ბუნებრივია, ეს ქმნის ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქართველოში გაგვიჩნდება ბაზარი, საკმაოდ მსხვილი და ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ორ ყველაზე ცნობილ ბრენდთან მოლაპარაკებას, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა. მინდა, ამავე დროს, შევეხო იმ ძალიან მნიშვნელოვან დადებით მომენტს, რასაც კონკრეტულად მინდა ხაზი გავუსვა. ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა გახლავთ სავაჭრო დეფიციტი და ზოგადად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენი იმპორტის ჩამონათვალში ნომერ პირველ ადგილზე გახლავთ საწვავი. სწორედ საწვავზე მოდის ჩვენი იმპორტის ყველაზე დიდი წილი. აქედან გამომდინარე, ელექტრომობილებზე გადართვას აქვს დამატებით უზარმაზარი მაკროეკონომიკური ეფექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოში შევქმნათ მეტი დოვლათი, შევამციროთ სავაჭრო დეფიციტი და ამასთან ერთად, გავაჩინოთ ძალიან მსხვილი მომხმარებელი ჩვენი ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიისა.
აქვე, მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან მომენტს. ეს უკავშირდება არა მხოლოდ ელექტრომობილების განვითარებას და ამ ტრანსპორტის პოპულარიზაციას, არამედ ზოგადად, რომ საჯარო ტრანსპორტი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა. მომდევნო კვირიდან, უკვე დაიწყება საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანა და შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, 2000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა ე.წ. ე.წ. Car Sharing-ის, ანუ საზიარო ავტომობილების პრინციპით, რომელსაც უზარმაზარი უპირატესობა აქვს. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრაფიკს ჩვენს დედაქალაქში და ამავე დროს, ხელს შეუწყობს იმას, რომ ელექტრომობილები გახდეს კიდევ უფრო პოპულარული ჩვენს ადილობრივ ბაზარზე”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, როდესაც საუბარია საჯარო და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ძალიან მნიშვნელოვანია მოხმარების კულტურა. პრემიერის თქმით, აღნიშნული ფაქტორი საქართველოში აუცულებლად უნდა დაინერგოს.
“ჩვენთვის მთავარი გახლავთ არა ის, რომ რაც შეიძლება მეტი ავტომობილი გვყავდეს ქვეყანაში, არამედ ჩვენთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, კომფორტულად და იაფად გადაადგილდნენ და შესაბამისად, მივიღოთ დამატებითი ღირებულება ჩვენს ეკონომიკაში”,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა, სიტყვით გამოსვლისას, სხვა ახალი ინიციატივებიც გააჟღერა და აღნიშნა, რომ მალე, სამგორიდან ლილოს მიმართულებით, ახალი მეტროსადგურები აშენდება.
“ბევრ თქვენგანს მოეხსენება ე.წ. შემოვლითი რკინიგზის პროექტის შესახებ. ბევრი რამ ითქვა ამ პროექტთან დაკავშირებით და მოგეხსენებათ, რომ სწორედ ჩემი რკინიგზაში მუშაობის პერიოდში მოხდა ამ პროექტის შეჩერება, სრულიად ობიექტურად, ვინაიდან, ის ვერანაირ სტანდარტს ვერ პასუხობდა. უფრო მეტიც, ის იყო კონტრპროდუქტიული და მე ვიტყოდი, რეტროგრადული. თქვენ ვერ ნახავთ ევროპაში ვერც ერთ ქალაქს, სადაც არ არის განვითარებული ყველაზე მწვანე ტრანსპორტი – რკინიგზა. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ევროპულ ქალაქს, სადაც არ არის ცენტრალური რკინიგზის სადგური. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა იმას, რომ ჩვენ ყველაზე მწვანე ტრანსპორტი უნდა გადაგვეტანა ქალაქიდან და მის მაგივრად შეგვექმნა დამატებითი ავტომაგისტრალები, ჩვეულებრივი ავტომობილებისათვის. ბუნებრივია, ეს არის სრულიად მიუღებელი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაკლოვანებები ჰქონდა ამ პროექტს და ჩვენ გვქონდა საერთაშორისო დასკვნები, რომლის მიხედვითაც, ამ პროექტის დამთავრება არსებული დიზაინით იყო სრულიად მიუღებელი. შესაბამისად, ჩემი მთავარი ხედვა გახლდათ სწორედ ის, რომ ჩვენ მოგვეხდინა ის, რაც გააკეთა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ წარმატებით – მოგვეხდინა რკინიგზის და მეტროს ინტეგრირება ერთმანეთში ყველაზე ეფექტური საშუალებით. დღეს ჩვენ ვაანონსებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს და კახი ამის შესახებ ისაუბრებს დეტალურად. შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს, სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში.
ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, რომ თბილისის აგლომერაციაც ვითარდება და პერსპექტივაში ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში, ქალაქი რუსთავიც, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მივაბათ თბილისის მეტროს. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროქტი და მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა – ჩვენ ამას არ ვახორციელებთ მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო ტრენდი ასეთია, რომ ელექტრო ავტომობილები ხდება უფრო და უფრო პოპულარული. დიახ, ის ხდება უფრო და უფრო პოპულარული, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის მას აქვს განსაკუთრებული უპირატესობა – ეს ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მეტ ელექტრომობილს შემოვიყვანთ საქართველოში და რაც უფრო სწრაფი ტემპით ჩავანაცვლებთ შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს, უფრო მეტ დოვლათს შევქმნით ჩვენს ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან უფრო დიდი ქონების მფლობელები. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში განვავითარებთ უფრო ძვირადღირებულ ტურიზმს და საბოლოო ჯამში, მოხდება ქართული ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი კაპიტალიზაცია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები