მამუკა ბახტაძე: 10 წლის განმავლობაში, ქვეყანაში მოქმედი ავტოპარკის 90 პროცენტი ელექტრომობილებით შეიცვლება

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი 10 წლის განმავლობაში, ქვეყანაში მოქმედი ავტოპარკის 90 პროცენტი ელექტრომობილებით შეიცვლება.
როგორც მამუკა ბახტაძემ კოჯორში, „მწვანე პოლიტიკის” ინიციატივის პირველი ეტაპის, „მწვანე პოლიტიკა-ეკოტრანსპორტი” პრეზენტაციაზე აღნიშნა, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავს მოკლე ვადაში შეცვლის თავის ავტოპარკს ელექტრომობილებით.
„ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, მაგრამ ამავე დროს, დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს და დიდ ღირებულებას შესძენს ჩვენს ეკონომიკას. ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა მივეცით ელექტროტრანსპორტს, შიდა წვის ძრავიან მანქანებთან შედარებით. განბაჟება ფაქტობრივად, გახდა ნულოვანი. ნაბიჯ-ნაბიჯ კიდევ უფრო გავზრდით სხვაობას განბაჟების ნაწილში ელექტროტრანსპორტსა და ტრადიციულ ავტომობილებს შორის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, განვითარდება ინფრასტრუქტურა, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს და ხელს შეუწყობს ელექტროავტომობილების შემოტანით მოქალაქეთა დაინტერესებას.
მისვე თქმით, ამოქმედდება სპეციალური სალიზინგო სქემაც.
„ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტობრივად, იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, 5-წლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, დამატებითი ხარჯების გარეშე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრეზენტაციას მთავრობის წევრები, დიპლომატები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები