სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება

“სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ინიციატივის – „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის – „მწვანე პოლიტიკა-ეკოტრანსპორტი“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, აღნიშნული ხაზის საშუალებით, შესაძლებელი გახდება, მომავალში, მეტროსთვის საჭირო ინფრასტრუქტურა რუსთავშიც შეიქმნას.
„გამოვიყენებთ შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში. პერსპექტივაში, ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში, ქალაქ რუსთავიც შესაბამისი ინფრასტურქტურით ჩავაბათ თბილისის მეტროს. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტი. ჩვენ ამას არ ვახორციელებთ მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო ტრენდი ასეთია, რომ ელექტროავტომობილები ხდება უფრო პოპულარული. დიახ, ის ხდება უფრო პოპულარული, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის აქვს კონკრეტული უპირატესობები. რაც უფრო მეტ ელექტრომობილს შემოვიყვანთ საქართველოში და უფრო სწრაფი ტემპით ჩავანაცვლებთ შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს, უფრო მეტ დოვლათს შევქმნით ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მცხოვრებლები იქნებიან უფრო დიდი ქონების მფლობელები. საქართველოში განვავითარებთ უფრო ძვირადღირებულ ტურიზმს. საბოლოო ჯამში, მოხდება ქართული ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი კაპიტალიზაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები