საქართველოს საუკეთესო სომელიე გამოვლინდა

ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე-2018″ სომელიეთა კონკურსით დასრულდა. საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე” პირველად გაიმართა. კონკურსის გამარჯვებული თამაზ თამაზაშვილი გახდა.
კონკურსში 10 სომელიე მონაწილეობდა, რომელთაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ოფიციალურად აქვთ 

მინიჭებული სომელიეს, ან ასისტენტ სომელიეს სტატუსი. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ქართველი და უცხოელი ექსპერტები შედიოდნენ. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი იყო.
ფინალისტთა შესარჩევი ტური კონკურსის წინა დღეს გაიმართა. 10 მონაწილიდან ფინალში სამი სომელიე გადავიდა. გამარჯვებული სომელიე 2019 წლის მარტში ბელგიაში გაემგზავრება და კონკურსში „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე” იასპარეზებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კონკურსის ჟიურის წევრი ლევან მეხუზლა მიიჩნევს, რომ სომელიეს პროფესია ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვინის მოხმარების კულტურის პოპულარიზაციის კუთხით.
„ამ ღონისძიებით დასრულდა ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე-2018″. სომელიეს პროფესია საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს. სომელიე წარუდგენს და სთავაზობს მომხმარებელს ღვინოს, სწორედ ამ პროფესიის ადამიანია უშუალო შუამავალი ღვინის მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის. ეს ხალხი არა მხოლოდ წარადგენს და ყიდის, არამედ გადასცემს ღვინის კულტურას, ის უნდა ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მის მიერ წარდგენილ ღვინოზე. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში დაინერგოს ღვინის სწორი მოხმარების კულტურა, რაშიც სომელიეებს ძალიან დიდი როლი აკისრიათ”, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
„ღვინობისთვე-2018″-ის ფარგლებში, 5-დან 21 ოქტომბრამდე, ღვინის ფესტივალები თბილისში, თელავში, მარნეულსა და გურჯაანში გაიმართა.
„ქართული ღვინის დღე” 2014 წლიდან აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები