ბალაბანზე დამკვრელი ცნობილი აზერბაიჯანელი მუსიკოსი, ანუ „ბალაბანი იგივეა, რაც ქართული დუდუკი“
დღევანდელი პერსონა წარმოშობით აზერბაიჯანელი მუსიკოსი ალიხან სამედოვია. ის სუმგაიტში, მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. განათლებით პედაგოგია, მაგრამ მას აზერბაიჯანულ მუსიკალურ ინსტრუმენტ ბალაბანზე დამკვრელად იცნობენ. ბალაბანი,- ეს დაახლოებით იგივეა, რაც ქართული დუდუკი. ამჟამად ის თურქეთში ცხოვრობს და იქ ფოლკლორის შემსწავლელი ცენტრის დირექტორია, პარალელურად ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში ასწავლის. ამასთან, თურქული ტელევიზიების აზერბაიჯანული პროგრამების პასუხისმგებელი რედაქტორია, ატარებს კონცერტებს. მალე ალიხან სამედოვის წიგნი „ბალაბანის მეთოდი“ გამოვა. მუსიკოსი არაერთი მედლითაა დაჯილდოებული როგორც თურქეთში, ისე აზერბაიჯანში. პორტალმა „კვირამ“ მუსიკოსი აზერბაიჯანში, ქალაქ შეკში ტელეკომპანია “კანალ S“ -ის სტუდიაში ჩაწერა.
– ბატონო ალიხან, სანამ ცნობილი გახდებოდით, რა ცხოვრება გაიარეთ?
– მე ქალაქ სუმგაითში დავიბადე. 1985 წელს გერმანიაში გავემგზავრე, მაშინ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო. საბჭოთა კავშირის დროს ცეკვის ანსამბლი იყო, სადაც მე სასულე ინსტრუმენტზე ვუკრავდი, იმ დროისთვის ბევრი მიცნობდა. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ისევ უკან მომიწვიეს, მაგრამ არ დავთანხმდი. ნახევარი ევროპა მოვლილი მქონდა, მაგრამ როცა პირველად აღმოვჩნდი თურქეთში, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს იქ დავიბადე. ჰოდა, ამიტომ გადავწყვიტე, თურქეთში დავრჩენილიყავი და დავრჩი კიდეც. აქ ვასწავლიდი. ბევრი მოსწავლე მყავდა, ახლა კი უკვე ჩემი მოსწავლეები ასწავლიან. ამის მერე ისევ დავიწყე მოგზაურობა.
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ საქართველოსთან?
– ქართველებთან და საქართველოსთან გამორჩეული დამოკიდებულება მაქვს. იქ ძალიან ბევრ ქართველ მუსიკოსს ვიცნობ, ერთ აკორდეონისტთან ვმეგობრობ. როცა თურქეთში ერთმანეთს ვხვდებით, ერთად ვუკრავთ და ვმღერით ხოლმე. საქართველოში ყოველთვის კარგი ქორეოგრაფიული ანსამბლები იყო, თქვენი მოცეკვავეები ძალიან კარგი „ჯიგიტები“ არიან. თურქეთში არიან ანსამბლები, რომლებიც სხვადასხვა ერის მუსიკას ასრულებენ. ისიც ხდება, რომ აქაური ქართული ანსამბლები მიწვევენ, რომ მათთან დავუკრა, მე კი ვეუბნები, იქნებ თავიდან მომასმენინოთ თქვენი მუსიკა -მეთქი, ამის მერე კი ერთად გამოვდივართ.
– ჩვენს ფოლკლორთან მსგავსებას თუ ხედავთ?
– ისე, თითქმის ერთნაირი საცეკვაო მუსიკა გვაქვს. ოღონდ ეგაა, თქვენ დუდუკი გაქვთ, ჩვენ,- ბალაბანი, მე ვნახე, აქ როგორ ცეკვავდნენ ქართველი გოგო და ბიჭი, და ეს მსგავსებაც დავინახე, იგივე ითქმის დოლზეც, რითმიც ერთნაირი გვაქვს. ასე რომ, მუსიკალურ ინსტრუმენტებს სხვადასხვა სახელი აქვთ, თორემ ჟღერადობა თითქმის ერთნაირია.
დღეს მთელი მსოფლიო ფოლკლორზეა გადასული, ელექტრონულ მუსიკას ბევრი აღარ მისდევს. თურქეთში მე ჩემს ეროვნულ მუსიკას ვემსახურები. ყველა ერს აქვს თავისი ფესვები, მუსიკალური მოტივები.
– ხალხურის გარდა რომელი კომპოზიტორების მუსიკას უკრავთ?
– ჩემს რეპერტუარში ხალხური სიმღერების გარდა და ცნობილი აზერბაიჯანელი კომპოზიტორების: ტოპიკ კულიევისა და ალეკპერ ტაგიევის სიმღერებია.
მე მსოფლიოში ცნობილი გამხადა ალეკპერ ტაგიევის მუსიკალურმა კომპოზიციამ: „შენ არ მოხვედი“. მის მუსიკას მთელს მსოფლიოში იცნობენ. მის სიმღერებს თანამედროვე არანჟირებით ახალგაზრდებიც ასრულებენ.
– ვიცი, რომ უკვე მერვე დისკი გამოუშვით…
– დიახ, ეს ჩემი მერვე დისკია, საერთოდ ჩემი დისკები ორ ენაზე: ინგლისურ და თურქულ ენებზე გამოდის. ახალ ალბომში ისეთი სიმღერებია შესული, რომელსაც თითქმის ყველა ასაკის მსმენელი ჰყავს. რადგან მე ყველა მათგანზე ვფიქრობ, საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს, ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთის კულტურას. ჩვენს ცეკვებს მსოფლიოში საერთო სახელით,- კავკასიური ცეკვებით იცნობენ, მე ბალაბანს, როგორც აზრებაიჯანულ მუსიკალურ საკრავს, ვუწევ პოპულარიზაციას. ქართველებს იმდენად კარგი მუსიკალური კულტურა და განათლება აქვთ, რომ მათ შეუძლიათ, როცა ერთად ჩამოსხდებიან ხოლმე,- გარმონი ნებისმიერ მელოდიას ააყოლონ. ისე, ჩვენს ხალხებს ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო.
მუსიკასაც რომ გავანებოთ თავი,- „შაშლიკი“ თქვენებურად მწვადი თქვენც გაქვთ და ჩვენც. საბჭოთა კავშირის დრო ჩვენ ახლოს ვიყავით და ერთად ვცხოვრობდით. ახლა უკვე ჩვენი მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დადიან.
– თქვენს შემოქმედებას ახალგაზრდებიც იცნობენ…
– იცით? მე შეიძლება ახალგაზრდობა არ მიცნობდეს, მაგრამ მან კარგად იცის ჩემი მუსიკა. შეიძლება არ იცოდეთ, რომ თქვენი საცეკვაო ანსამბლები ჩემს მუსიკასაც იყენებენ. მაგალითად, სუხიშვილებსაც აქვს გამოყენებული ჩვენი მუსიკა. ჩემი ბოლო კლიპის რეჟისორი ქართველი იყო. ჩვენ ერთნაირად აღვიქვამთ ეროვნულ საცეკვაო მუსიკას, ის ჩვენზე ერთნიარად მოქმედებს.
– მიუხედავად თქვენი მსოფლიო პოპულარობისა, პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში ნაკლებად გიცნობენ…
– ის, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არ მიცნობებ,- ეს ჩემი ბრალიცაა, რადგან მე ამ რესპუბლიკებში კონცერტები არასოდეს ჩამიტარებია. ძირითადად, სულ საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მქონდა გასტროლები. თქვენ წარმოიდგინეთ, სადაც ახლა ვართ, ამ ქალაქ შეკშიც პირველად ვარ, ადრე მე პედაგოგიურ საქმიანობასაც ვეწეოდი. ახლა კი მთლიანად კონცერტებზე გადავერთე. მინდა, რომ მსმენლებმა მარტო ჩემი მუსიკა კი არ იცოდნენ, არამად პირადად მეც მცნობდნენ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=hRDI0D6aqcA” width=”560″ height=”315″]