როგორია რუსთავში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულთა მდგომარეობა – ექიმის კომენტარი

რუსთავში, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებული ორი მოზარდი – რვა წლის გოგონა და 12 წლის ბიჭი, რუსთავის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს. გოგონას რუსთავში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის კი თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
გოგონა კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა ბოხუამ მოინახულა.
რაც შეეხება 12 წლის ბიჭს, მას ჭრილობები ფეხის არეში აღენიშნებოდა. ისიც თბილისში განაგრძნობს მკურნალობას.
როგორც ჟურნალისტებს კლინიკა „რუსთავის“ მორიგე ექიმმა, ლევან ფსუტურმა განუცხადა, აფეთქების შემდეგ, კლინიკაში 11 პაციენტი შეიყვანეს, მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მათგან კლინიკაში ექვსი პაციენტი რჩება.
„შემოსულია შემთხვევის ადგილიდან სულ 11 პაციენტი, აქედან 6 იყო მცირეწლოვანი. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა 8 წლის გოგონა. შემოსვლისთანავე გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე და აყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში. ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა და შემდგომი მკურნალობის მიზნით, გადავიდა უკვე პროფილურ კლინიკაში. მუცლის ღრუში იყო შემავალი ჭრილობა, ემენტერაცია და მენჯის არეშიც იყო ჭრილობა.
რჩება 6 პაციენტი, ზოგი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. ერთი პაციენტი გადავიდა საოპერაციო ბლოკში და მეორეც გადავა ცოტა ხანში,“ – განაცხადა ლევან ფსუტურმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები