ლაშა ნაცვლიშვილი მირზა სუბელიანის ბრალდებაზე: პატიმარს თავისუფლებიდან არ პასუხობენ
საქართველოს პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ერთ-ერთი სავარაუდო ფრაგმენტის თანახმად, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილსაც ახსენებს და ამბობს, რომ მას „ქართულ ოცნებაში“ „ხოდი“ მიეცა და ახლა პატიმარ კაცს ძირავს.
სუბელიანის ბრალდებების პასუხად ლაშა ნაცვლიშვილი “imedinews”-სთან აცხადებს, რომ ციხე მძიმე განსაცდელია, მით უმეტეს, ძალოვნისთვის და ყველა ერთნაირად ვერ უმკლავდება ამ გამოწვევას.
„მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში გასაჯაროებული ფარული ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა უხეში მონტაჟის შედეგია, ზოგადად, პატიმარს თავისუფლებიდან არ პასუხობენ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ფიგურირებს, საგამოძიებო მოქმედებები 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო. პროკურატურის განცხადებით, ციხის თანამშრომელს შანტაჟით მოსთხოვეს სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება. ამ აუდიოჩანაწერებში მირზა სუბელიანი სავარაუდოდ, „ ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან და პენიტენციური სამსახურის თანამშრომელ დავით ცუხიშვილთან ლაპარაკობს.
მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამაა. დანაშაულის ჩადენის დროს, ის მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მუშაობდა, თუმცა ამ ფაქტის გამო, თანამდებობა მალევე დატოვა. ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა სუბელიანს ბრალდებულების სასარგებლოდ საქმეში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებდა და მის დაპატიმრებას ითხოვდა.
9 ივნისს მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
წყარო: “imedinews”