“დედაენის ბაღში” კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი ჩაიშალა

“დედაენის ბაღში” კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი ჩაიშალა.
როგორც პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” პრესსამსახურში აცხადებენ, დღესვე 18:00 საათზე, გირჩის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, სადაც სავარაუდოდ, ღონისძიების ჩაშლის მიზეზებს განმარტავენ.
“დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს ჩვენთან ერთად იყავით “დედაენის ბაღში” კონსტიტუციური სამართლის აღსადგენად”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს აფასებს, როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას, ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.
მიუხედავად შს სამინისტროს არაერთი გაფრთხილებისა, ორგანიზაციის წევრებმა და მათმა ლიდერმა დღეს “დედაენის ბაღში” კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი გამართეს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ღონისძიების ფარგლებში, ზურაბ ჯაფარიძემ ჯიბიდან სამი ღერი ამოიღო, რომელიც მისი თქმით, კანაფი იყო და აქციის მონაწილეებისთვის უნდა გადაეცა. სამართლადამცველებმა ჯაფარიძე სწორედ ამ დროს დააკავეს. ამ ფაქტის გამო, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დღესვე, გამოძიების ფარგლებში, საჭირო გახდა რამდენიმე პირის გამოკითხვა, მათ შორის, “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისაც.
შს სამინისტროს ინფორმაციით, „გირჩის“ მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე იყო შეუძლებელი. ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშრომლებს გაჰყვა ნებაყოფლობით. ამ ეტაპზე, მისი მონაწილეობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის ამ ეტაპზე, დაკავებული 11 პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები