თბილისში პირველი ღია საჭიდაო არენა გაიხსნა

თბილისში პირველი ღია საჭიდაო არენა გაიხსნა, სადაც ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით, ტურნირი – „თბილისის ფალავანი 2018“ გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრო.
ისნის რაიონის გამგეობის მიერ, პირველი ღია ქართული საჭიდაო არენა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მოეწყო, რომელიც მრავალფუნქციურია და 500 მაყურებელს იტევს.
„ჩვენი პირველი დიდი ჩემპიონების თაობის გამარჯვების საფუძველში ქართული ჭიდაობის ელემენტები იყო, რითაც მათ შეძლეს, ქართული სპორტისთვის მსოფლიო აღიარება მოეტანათ. დღეს პირველი ქართული ჭიდაობის დარბაზი გაიხსნა, რომლის ანალოგი თბილისში არ არსებობს. ეს უდიდესი პროექტია იმისთვის, რომ ახალგაზრდებში არა მხოლოდ ჯანსაღი და სპორტული აღზრდის პრინციპები დავნერგოთ, არამედ მათ ჩვენი ტრადიციები ვაჩვენოთ“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
პროექტის ფარგლებში, არენის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სკვერი, სადაც მოსასვენებელი სკამები და ურნები განთავსდა, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, დეკორატიული ლამპიონებითა და კედლის ფერადი მინათებებით. სკვერში ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები. არენასა და სკვერში ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
საჭიდაო არენის მშენებლობისა და სკვერის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 353 313 ლარი დაიხარჯა. ღონისძიების ფარგლებში, ქართული ჭიდაობის – რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა – ისტორიული საარქივო მასალების ფოტოგამოფენაც მოეწყო.
„თბილისის ფალავანი 2018“-ში მონაწილეობა სპორტსმენებმა სამ წონით კატეგორიაში მიიღეს. ტურნირში გამარჯვებული I, II და III ადგილის მფლობელი ფალავნები დიპლომებით, მედლებითა და ფასიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ. ტურნირის საუკეთესო ფალავანს კი ტრადიციულად, ყოჩი გადაეცა.
ქართული საჭიდაო არენის გახსნის ღონისძიებას ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი, თბილისის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ვალერი პარუნაშვილი, მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები