სალომე ზურაბიშვილი: ჩემი სურვილია, ვიყო იმ საქართველოს პრეზიდენტი, სადაც ყველა მოქალაქე თავს იგრძნობს თანასწორად, ამ ქვეყნის თანამოქალაქედ

“ჩემი სურვილია, ვიყო იმ საქართველოს პრეზიდენტი, სადაც ყველა მოქალაქე თავს იგრძნობს ამ ქვეყნის თანასწორ თანამოქალაქედ, ისე, როგორც დღეს არის”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ 28 ოქტომბერს კრწანისის მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოცხადდება და მხარს დაუჭერს.
სალომე ზურაბიშვილმა კრწანისის რაიონი განსაკუთრებულად შეაფასა, რადგან აქ, წლების განმავლობაში, სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობა თანასწორად ცხოვრობს.
“იმედი მაქვს, 28 ოქტომბერს არ დაიზარებთ, მოხვალთ არჩევნებზე და 48 ნომერს შემოხაზავთ. ამაში დარწმუნებული ვარ. ამისთვის, წინასწარ მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, ამ ხნის მანძილზე ჩემ მიმართ რომ​ იჩენდით, საკმაოდ რთული წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას. თუმცა, ეს ყველაფერი ერთად გადავიტანეთ, მოვედით დღემდე, მივალთ 28 ოქტომბრამდე და მივალთ იმ ეტაპამდეც, როდესაც ვიქნები თქვენი და ამ ქვეყნის პრეზიდენტი.
კრწანისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი უბანია, რადგან აქ საქართველოს სახეა. აქ სხვადასხვა ეროვნებისა და წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ქმნიან საქართველოს. ერთმანეთთან ცხოვრობენ ისე, როგორც ცხოვრობთ კრწანისში და ეს რეალობა არ უნდა დავკარგოთ, რადგან ეს არის ჩვენი დიდი ძალა ამ ქვეყანაში. ეს არის საქართველოს მაგალითი, რომელიც შეგვიძლია გავიტანოთ ყველგან, თუნდაც იმ ევროპაში, სადაც სურვილი გვაქვს შევიდეთ და დიდი ევროპული ოჯახის წევრები გავხდეთ, სადაც შეგვიძლია ძალიან ბევრი რამე ვასწავლოთ ევროპას, თუნდაც, ის, რაც არის თქვენი ყოველდღიური თანაცხოვრება.
ძალიან ცოტა ადგილი არის დარჩენილი ევროპაში, სადაც იციან თანაცხოვრების ფასი, სხვადასხვა წარმოშობის ადამიანების ერთმანეთისადმი პატივისცემა და ჩვენ ეს გვაქვს, ამით მოვდივართ საუკუნეების განმავლობაში. შეგვიძლია, რომ ამის მაგალითი სხვაგანაც გავიტანოთ და არა მხოლოდ აქ გავაგრძელოთ.
მე მინდა, რომ ვიყო იმ საქართველოს პრეზიდენტი, სადაც ყველა მოქალაქე თავს იგრძნობს ისევე, როგორც დღეს არის – თანასწორად, ამ ქვეყნის​ თანამოქალაქედ “, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები