პროკურორებმა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თემაზე გაძლიერებული კურსი გაიარეს

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით პროკურორებმა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის თემაზე გაძლიერებული სასწავლო კურსი გაიარეს. ტრენინგის მიზანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებზე გამომსვლელი პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული უნარების განვითარება იყო.
სასწავლო პროცესს საპროკურორო, საადვოკატო და სამოსამართლო გამოცდილების მქონე ამერიკელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
როგორც “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს, სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში, გამომსვლელებმა მონაწილეებს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო პრაქტიკა, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. პროკურორებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის: საქმის თეორიის შემუშავების, კითხვების თემატურად მომზადების, მსაჯულებთან კომუნიკაციისა და დასაბუთებული აცილების საკითხებზე. ტრენინგის ძირითადი ნაწილი პრაქტიკულ სავარჯიშოებს დაეთმო, რომლის განხილვაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდათ სრულყოფილად გაეანალიზებინათ მათი გამოსვლის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ტრენინგის დასასრულს პროკურორებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესში მათი მონაწილეობის ხარისხს.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარების კუთხით პროკურორების გადამზადების ინტენსიური პროცესი 2015 წლის ბოლოდან დაიწყო. ტრენინგებს  პროკურატურის სისტემის ყველა სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოს პროკურორები ეტაპობრივად გადიან. კურსები აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით ხორციელდება და მათი მიზანი, ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის არეალის გაფართოების პარალელურად, ახალი გამოწვევებისთვის პროკურორების მომზადებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები