აშშ-ში, ფილადელფიის საავადმყოფოში, ქართველი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის ერთ-ერთ კლინიკაში, ქართველი ლაშა გოგოხია გარდაიცვალა. “კვირას” ინფორმაციით, ლაშა გოგოხია სამედიცინო დაწესებულებაში ბოლო 9 დღის განმავლობაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. იგი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს და ბოლომდე კომაში იყო. ამერიკელი მედიკოსების ძალისხმევის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ლაშა გოგოხიას კლინიკაში გადაღებული კადრები სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა, ალიონა შოგოლმა გაავრცელა და საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვდა. ფინანსური დახმარების გარდა, იგი მოქალაქეებს სთხოვდა, ლაშას გადარჩენისთვის ელოცათ.
როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი, ლაშა გოგოხია ბოლო რამდენიმე წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ის წარმოშობით აფხაზეთიდან იყო. არსებული ინფორმაციით, იგი რამდენიმე წლის წინ, ამერიკაში “მწვანე ბარათის” მოგების შემდეგ ჩავიდა, ბოლო პერიოდში, სატვირთო მანქანაზე მუშაობდა. სანდო წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოქალაქემ ლაშა გოგოხია და მისი მეწყვილე უგონო მდგომარეობაში სწორედ სატვირთო ავტომანქანის კაბინაში აღმოაჩინა, რომელიც პარკინგზე არასწორად იყო გაჩერებული. შემთხვევითმა პირმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, რის შედეგადაც ორივე ქართველი ფილადელფიის კლინიკაში გადაიყვანეს. ორივე კომატოზურ მდგომარეობაში იყო. ექიმებმა მათგან ერთ-ერთის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ლაშა გოგოხია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, გუშინ კი იგი კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებას სთხოვენ და ცხედრის საქართველოში გადმოსვენებას ითხოვენ.
როგორ აღმოჩნდნენ სატვირთო მანქანის კაბინაში ლაშა გოგოხია და მისი მეგობარი უგონო მდგომარეობაში, ამ დროისათვის უცნობია.

როგორც “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აშშ-ში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კავშირშია. მათივე ინფორმაციით, საკონსულოს თანამშრომლები ამზადებენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას, ლაშა გოგოხიას ცხედრის საქართველოში გადმოსვენების პროცედურებისთვის.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები