მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და “მინერვას” შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ქართულ-იტალიურ საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია “მინერვას” შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც განათლების სისტემაში იტალიური ენისა და კულტურის დანერგვის ხელშეწყობაა. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მანანა რატიანმა და “მინერვას” პრეზიდენტმა, მაია ჯიჯავამ მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონია იტალიური ენის მეთვრამეტე მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი ვებინარის „იტალიურ-ქართული ურთიერთობები, ენა და კულტურის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც 17 და 18 ოქტომბერს იმართება.
როგორც “კვირას” მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრიდან აცნობეს, მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, უზრუნველყონ იტალიური ენის მასწავლებელთა გადამზადება, რაც დაფუძნებული იქნება როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ სწავლებაზე. არასამთავრობო ორგანიზაცია “მინერვას” ხელმძღვანელმა აიღო ვალდებულება, ცენტრთან ითანამშრომლოს ყოველწლიურად, იტალიურენოვანი მოხალისე მასწავლებლების შერჩევის პროცესში, ცენტრის პროგრამის – „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში.
პროგრამის ფარგლებში, ჩამოდიან უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებლები და საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლასა და პროფესიულ სასწავლებელში ასწავლიან უცხო ენებს. პირველ ეტაპზე, პროგრამასთან და მოხალისე მასწავლებლებთან ითანამშრომლებს 12 ადგილობრივი იტალიური ენის მასწავლებელი, რომლებსაც მიეცემათ საშუალება, აიმაღლონ როგორც ენობრივი კომპეტენცია, ასევე, ზოგადი პროფესიული უნარები.
„ჩვენი მასწავლებლების ენობრივი კომპეტენციების გაძლიერება აღნიშნული მემორანდუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებულ ენებს დაემატა იტალიური ენა, ეს აჩენს შესაძლებლობას, მოსწავლეებმა ისწავლოს იტალიური, როგორც მეორე და მესამე უცხო ენა, ეს ხარისხიანად არ მოხდება, თუკი არ გვეყოლება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები”,- განაცხადა მანანა რატიანმა.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან იტალიური ენის სასწავლებლად საჭირო სასწავლო რესურსების მოძიების საქმეში ითანამშრომლებს და იტალიური ენის მოხალისე მასწავლებლებს სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარება. ასევე, მხარეები თანხმდებიან, განახორციელონ იტალიურ და ქართულ სკოლების შორის გაცვლითი კულტურული პროგრამები, რაც ქვეყნებს შორის მოსწავლეების, მასწავლებლების დაახლოებისა და საგანმანათლებლო სისტემებში მიმდინარე პროცესების უკეთ გაცნობას შეუწყობს ხელს. შეთანხმება მასწავლებლებისთვის ერთობლივი პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების განხორციელებასაც გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები