ყიფიანის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება

0

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს მშენებელი კომპანიის მიერ ხელახლა დაქირავებული კონსტრუქტორ-გეოლოგებისა და მოსახლეობის მიერ მოწვეული ექსპერტის დასკვნებს გაეცნო.

აღნიშნული დასკვნების მიხედვით, ამ ეტაპზე, კლდის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს და გამაგრების სამუშაოები, რომელიც კომპანიამ ამ დრომდე განახორციელა, სწორადაა შესრულებული.

ილია ელოშვილის განცხადებით, 22 ოქტომბერს, ყველა მხარის ჩართულობით შეხვედრა გაიმართება, რომელზეც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დეტალები განიხილება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით გაგრძელდება აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინ ფერდობი ჩამოიშალა და შესაბამისად, მერიის სამსახურებმა მშენებლობა გააჩერეს. გეოლოგიის მთლიანად გადახედვა მოხდა, შემდეგი ეტაპი კი, დამცავი კედლის მოწყობა იყო იმისთვის, რომ გამაგრების დაუყოვნებლივი სამუშაოები ჩატარებულიყო. მომზადდა ორი ალტერნატიული დასკვნა. ერთი – თავად მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი კონსტრუქტორ-გეოლოგის, მეორე კი – კომპანიის მიერ ხელახლა დაქირავებული ახალი ექსპერტების მიერ. დღეს ამ დასკვნებს ჩვენ ერთმანეთს გავუცვლით. ჩვენთვის მოსახლეობისა და აქ დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება ნომერ პირველია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ დროისთვის, ფერდის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს. შემდეგი ეტაპი არის ის, თუ რა ფორმით გაგრძელდეს მშენებლობა იმისთვის, რომ არანაირი საფრთხე მოსახლეობისთვის არ არსებობდეს“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

მოსახლეობის მიერ მოწვეული კონსტრუქტორ-გეოლოგის, დავით გიგინეიშვილის განმარტებით, გამაგრების სამუშაოები, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე ჩატარდა, ჩამონაშალი ფერდის მდგრადობის შენარჩუნებისთვის ადეკვატურია, თუმცა ფერდის დარჩენილი ღია ნაწილი ტორკრედ-ბეტონის ფენით უნდა დაიფაროს.

„ჩვენი შესწავლის შედეგებმა აჩვენა, რომ ამ ეტაპზე, შენობის ამოყვანილი ნაწილი, ფერდის მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით საკმარისია. ფერდის ის ნაწილი, რომელიც ღიად არის დარჩენილი, უნდა დაიფაროს ტორკრედ-ბეტონით, შესაბამისი შებურღვებითა და დამუშავებით. აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების შედეგად, ფერდის მდგრადობა შენარჩუნებული იქნება“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.

სასტუმროს მშენებელი კომპანია „GDG პალასის“ დირექტორი ბეჟან წაქაძე განმარტავს, რომ როგორც მათი, ისე ადგილობრივების მიერ დაქირავებული გეოლოგების დასკვნა ერთმანეთს დაემთხვა.

„კლდის ზედაპირი მაისში ჩამოიშალა და სამუშაოები სამი თვის განმავლობაში შეჩერებული გვქონდა. ამ პერიოდის განმავლობაში, კონსტრუქციული და გეოლოგიური კვლევები ხელახლა ჩატარდა. შემდეგ, ეს კვლევები მერიაში წარვადგინეთ, რომელმაც განიხილა და პირველი ეტაპის გამაგრების სამუშაოების წარმოების ნებართვა მოგვცა. ჩვენ ეს პირველი ეტაპი დავასრულეთ. ამის შემდეგ მერიამ მოსახლეობის მიერ დაქირავებული კონსტრუქტორ-გეოლოგის მომზადებული დასკვნა მოგვთხოვა, ასევე, ჩვენ მიერ დაქირავებული გეოლოგის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უსაფრთხო იყო მუშაობის გაგრძელება. ჩვენ მეორე ეტაპის სამუშაოებიც ჩავატარეთ. დღეს სამუშაოების შემდგომი გაგრძელების საკითხი განვიხილეთ. როგორც ჩვენ მიერ, ასევე, მოსახლეობის მიერ დაქირავებული გეოლოგების დასკვნა ერთმანეთს დაემთხვა. დასკვნაში წერია, რომ შესაძლებელია, მშენებლობა მხოლოდ გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ გაგრძელდეს“, – აღნიშნა ბეჟან წაქაძემ.

კომენტარები

კომენტარი