რატომ იღებს გრიგოლ ვაშაძე, არჩევნებში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით – ცესკო-ს განმარტება

0

ეს იყო კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილება, ვინაიდან საარჩევნო კოდექსი არ იძლევა საშუალებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილში, საარჩევნო სუბიექტს შეეცვალოს სახელი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ცესკოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ბიულეტენში საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ნაცვლად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იქნება წარმოდგენილი. თამარ ჟვანიას განმარტებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ მუხლების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს არეგულირებს.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავიდან, როდესაც კანდიდატი დაარეგისტრირა როგორც საპრეზიდენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნებში, თავისი თავი დაარეგისტრირა, როგორც სუბიექტი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. შემდგომში თვითმმართველობის არჩევნების ნაწილში სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით მათ მომმართეს მე და ჩემი განკარგულებით, თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც თერჯოლასა და სამტრედიაში ტარდება, მათ ახლა აქვთ სახელი გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. მათ ასევე მოგვმართეს საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილთან დაკავშირებით, თუმცა ამ შემთხვევაში ეს მომართვა ეხებოდა ცესკოს კომისიურ გადაწყვეტილებას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ მუხლების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს არეგულირებს. ეს იყო კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილება, ვინაიდან საარჩევნო კოდექსი არ იძლევა საშუალებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილში შეეცვალოს სახელი”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ „ოპოზიციური გაერთიანება“ „ძალა ერთობაშია“ აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე, ცესკოს გადაწყვეტილებით, არჩევნებში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი