ბენზინგასამართ სადგურებს საწვავის ხარისხის გასაკონტროლებლად, ნოემბრიდან წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმებენ

საქართველოში საწვავის ხარისხის გასაკონტროლებლად, 80 ბენზინგასამართი სადგური, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შემოწმდება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ განაცხადა.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აგრძელებს საწვავის ხარისხის კვლევას. ამ კვლევებს, თითქმის, ყოველწლიურად ვახორციელებთ. ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, მოსახლეობაში მუდმივად მუსირებს აზრი, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუარესება უკავშირდება საავტომობილო საწვავის მოხმარებას. იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ საწვავი რამდენად შესაბამისობაშია იმ ნორმებთან, რაც დადგენილია ქვეყანაში, წელს უკვე მეორედ ვახორციელებთ საწვავის კვლევას. არსებობს გარკვეული ნორმები შემადგენლობასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ ნოემბრის დასაწყისიდან დავიწყოთ მასშტაბური შემოწმება“, – განაცხადა კორკოტაძემ.
მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 80 ბენზინგასამართ სადგურს შეამოწმებენ და 240 სინჯს აიღებენ.
„სინჯების ლაბორატორიულ კვლევას განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია. შემოწმებები განხორიელდება გაუფრთხილებლად, მივალთ კონკრეტულ სადგურთან და საწვავის სინჯებს ავიღებთ. 10 დღე დასჭირდება ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას და ცხადია, ამ ინფორმაციას გავასაჯაროებთ. ეს იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
კვლევის შედეგად, გვეცოდინება მთელი საქართველოს მასშტაბით რა ხარისხის საწვავი მიეწოდება მანქანებს. თუ აღმოვაჩენთ, რომ საწვავის ხარისხი არ არის შესაბამისი ნორმებთან, ამისთვის არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი სანქცია. თუ რეალიზაციის პროცესში შეუსაბამობას აღმოვაჩენთ, კომპანია დაჯარიმდება. ჯარიმა 8 000 ლარია“, – განაცხადა კორკოტაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს, 5 თვის წინ, პირველი კვლევისას, 10 სადგური შემოწმდა.
„პირველი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველა დამაბინძურებელი ნივთირება, რომელიც საწვავშია, დღეს მოქმედ რეგულაციებთან ნორმაში იყო.
საწვავს ვამოწმებთ გოგირდის, ტყვიის შემცველობაზე, ასევე, დგინდება ოქტანობა რამდენია. შარშან იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა გოგირდის შემცველობა დიზელის საწვავში გადამეტებული იყო. 3 კომპანია დაჯარიმდა ამის გამო.
2014 წლიდან ვახორციელებთ კვლევებს და ტყვია არც ერთხელ აღმოჩენილა საწვავში.
ვამოწმებთ როგორც ბრენდულ , ისე არაბრენდულ სადგურებს, როგორც თბილისის, ასევე საქართველოს მასშტაბით“, – განაცხადა ნელი კორკოტაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები