დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერტთა ჯგუფის გამოგზავნის თხოვნით მიმართავს

0

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალური განცხადებით მიმართავს და სთხოვს, რომ მოხდეს შესაბამისი ჯგუფის გამოგზავნა, რომელიც ადგილზე შეისწავლის ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე აქტივობებს.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს საინფორმაციო ნაკადი გაძლიერდა და გახდა ძალიან ინტენსიური. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა ეს ესკალაცია მატულობს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ თხოვნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, გამოაგზავნოს ოფიციალური მისია, რომელიც ადგილზე შეისწავლის ვითარებას და დადებს ოფიციალურ დასკვნას იმის შესახებ, თუ რა აქტივობები მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში“, – ნათქვამია დავით სერგეენკოს განცხადებაში.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სამინისტროს მხრიდან არაერთხელ გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადება იმის შესახებ, რომ 2013 წლიდან ლუგარის ლაბორატორიას მართავს საქართველოს მთავრობა და არა ამერიკის შეერთებული შტატები და ეს არის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, რომელიც მიმართულია ეპიდემიებისა და ბიოლოგიური საფრთხეების დეტექციისა და პრევენციისკენ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არაერთხელ მოიწვიეს რუსი კოლეგები, ჩამოსულიყვნენ და დაეთვალიერებინათ ლაბორატორია, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ იქ სახიფათო არაფერი ხდება, მიუხედავად ამისა, ამ თემის ესკალაცია გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი