იუსტიციის მინისტრმა ახალქალაქში მე-20 იუსტიციის სახლი გახსნა

0

იუსტიციის მინისტრმა ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლი გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში სტუმრადა მყოფი სომხეთის იუსტიციის მინისტრი, რომელიც გახსნაზე თეა წულუკიანმა პირადად მოიწვია, რათა უკეთ გასცნობოდა საქართველოში სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგებს; დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
ახალქალაქის იუსტიციის სახლი ბორჯომისა და ახალციხის შემდეგ რიგით მესამეა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში შეძლებს. იუსტიციის სახლთან ერთად ახალქალაქში ქორწინების სახლიც გაიხსნა. ამ დრომდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ, მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალქალაქის ფილიალისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა. ამჯერად ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს ახალქალაქის მაღალი სტანდარტის დიზაინით მოწყობილ ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე დახვდებათ.
ახალგახსნილი იუსტიციის სახლი 602 კვადრატულ მეტრს მოიცავს და თავისუფლების ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით განხორციელდა.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლის გახსნის აღსანიშნავად ახალქალაქში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, მოეწყო გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის, საღამო კი ფოიერვერკით დასრულდა.
ახალქალაქის იუსტიციის სახლი ბოლო წლების განმავლობაში აშენებული მერვე ფილიალია. 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხისა და ონის იუსტიციის სახლები. უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლის ფილიალები კიდევ ხონში, მარტვილში, სენაკსა და ბოლნისში გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი